შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო სამართალწარმოება თბილისში, ვაკის პარკში, უკრაინის დროშის ჩამოგლეჯის საქმეზე. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს კაცი, რომელიც აზიანებს საქართველოს პარტნიორი ქვეყნის დროშას.
"ფაქტზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 7 მაისს, მოხდა. პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი კონსტანტინე მორგოშია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირი, რომელმაც დროშა ჩამოგლიჯა, მათი თანაგუნდელია.
"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით, თუ ადამიანი შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშას ან გერბს, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000 ლარით დაჯარიმდება.