თბილისში, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა ჩამოგლიჯეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, 7 მაისს, მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, პირი, რომელმაც დროშა ჩამოხსნა, პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერია. "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ კი "TV პირველს" უთხრა, რომ იგი მათი პარტიის წევრი არ არის.
"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი, უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა, "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული კომენტარის მიხედვით.
ამ ეტაპზე უცნობია, დაეკისრება თუ არა რაიმე სახის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პირს, რომელმაც ვაკის პარკში დროშა ჩამოგლიჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, თუ ადამიანი შებღალავს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე რომელიმე ქვეყნის დროშას ან გერბს, რომელიც საქართველოს რომელიმე სახელმწიფო უწყებას აქვს აღმართული, 1000 ლარით დაჯარიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო სამართალწარმოება ვაკის პარკში უკრაინის დროში ჩამოგლეჯის საქმეზე.