Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის


საილუსტრაციო ფოტო. 29 აპრილს საწვავის ბაზას ხანძარი გაუჩნდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში
საილუსტრაციო ფოტო. 29 აპრილს საწვავის ბაზას ხანძარი გაუჩნდა რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების რეზერვუარი იწვის. მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის მიერ დილით, ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ვოლნაში გაჩენილ ხანძარს "უმაღლესი სირთულის რანგი მიენიჭა".

გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის და დასახლებული პუნქტის მცხოვრებთ საფრთხე არ ემუქრება. კონდრატიევის განცხადებით, მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცეცხლის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად და ხანძრის ჩასაქრობად.

გუბერნატორი ხანძრის გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს. ანექსირებული ყირიმის პრორუსული საიტი ЧП/Крым წერს, რომ კრასნოდარის მხარეში, ტამანის პორტში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყეს საწვავით სავსე ცისტერნას. მხარის გუბერნატორის მიერ ხანძრის ადგილად დასახელებული ვოლნა ტამანის სასოფლო გაერთიანების შემადგენლობაშია.

რუსეთის რეგიონებში სულ უფრო ხშირია ხანძრები და აფეთქებები. მათთან კავშირს უკრაინა, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს. აფეთქებები და ხანძრები გახშირდა უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილშიც, რომელიც რუსეთის მიერაა ანექსირებული.

XS
SM
MD
LG