ტელეკომპანია "ფორმულისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ვერსია მისთვის დამაჯერებელი არ იყო. სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე პროკურატურაში დღეს, 2 მაისს, მივა.
საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლით - მტკიცებულებების ფალსიფიკაციის კვალიფიკაციით.
"გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა დაბარებული სერგო შუბითიძე, რომლის წარმომადგენელი 1 მაისს დაუკავშირდა თბილისის პროკურატურას და შესაბამისად, მისი გამოკითხვა, დღეს, 2 მაისს შედგება...
მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ყოფილმა გამომძიებელმა "ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის არადამაჯერებელია და ღამით ცუდად სძინავს მას შემდეგ, რაც გვამი ნახა.
„მე ნამდვილად არ მჯერა ეს [რომ თავი მოიკლა]... არ მინდა, რომ მარტო ვატარო ეს ტვირთი. სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით“, - თქვა სერგო შუბითიძემ 29 აპრილს ეთერში გასულ ინტერვიუში.
- 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.
- საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
- 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.
- ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.