Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არ მჯერა, რომ თავი მოიკლა" - ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ნაამბობი ადვოკატებისთვის ახალი გამოძიების საფუძველია


თამარ ბაჩალიაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილი

2020 წლის ივლისში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, ადვოკატები საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც 29 აპრილს ამ საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიაწოდა. სერგო შუბითიძე ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის არადამაჯერებელია და რომ ღამე ცუდად სძინავს მას შემდეგ, რაც თამარ ბაჩალიაშვილის გვამი ნახა.

„მე ნამდვილად არ მჯერა ეს [რომ თავი მოიკლა]... არ მინდა, რომ მარტო ვატარო ეს ტვირთი. სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით“, - ამბობს შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში, რის შემდეგაც მან საგამოძიებო სისტემა დატოვა.

„კიდევ რამდენიმე კითხვის ნიშანი დაემატა ჩვენს ეჭვებს, რომ საქმეში ძალიან დიდი საიდუმლო იმალება. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ საქმის მწარმოებლები რაღაცეებს მალავდნენ, რადგან მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიის ირგვლივ მუშაობდნენ. სერგო შუბითიძის საჯარო აღიარებითმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ საქმის გამოძიება მიკერძოებულად მოხდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ეკა ქობესაშვილი.

გახმაურებული საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ, „ფორმულასთან“ განაცხადა, რომ პირველი საეჭვო გარემოება მისთვის იყო მატლების ძალიან დიდი რაოდენობა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე შეინიშნებოდა. „განა რამდენი ბუზი შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანაში?!... გვამი სავსე იყო [მატლებით]“ - შუბითიძე ამბობს, რომ დასმულ შეკითხვაზე მისთვის დამაჯერებელი პასუხი ვერ მიიღო.

გამომძიებლის ეჭვი უკავშირდება გარდაცვლილის ტელეფონსაც, რომელიც მას დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. ამბობს, რომ ტელეფონი იმ დროისთვის უკვე აღარ უნდა ყოფილიყო ლუქის გარეშე და უფლებამოსილებების მიხედვით, არც იმ კონკრეტული პირის [დეტექტივის თანაშემწე] ხელში უნდა აღმოჩენილიყო. „როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა“, - იხსენებს ის.

ასევე, მისი მონათხრობით, ტელეფონი, რომელიც გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მანქანაში ნახეს, გაწმენდილი იყო, როცა მას გადასცეს და არ იძებნებოდა მიმოწერა ან ზარები, რაც "ასეთი გაქანების გოგოს", სავარაუდოდ, 2020 წლის 18 ივლისამდე ექნებოდა.

ყოფილი გამომძიებელი ასევე ამბობს, რომ, როგორც მაშინ განიხილავდნენ, ბაჩალიაშვილი ე.წ. ქოლცენტრში მუშაობდა. შუბითიძე ამ საქმეს რამდენიმე კვირის განმავლობაში უძღვებოდა, ვიდრე შემდეგ რეგიონიდან თბილისს გადააბარებდნენ.

ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პროკურატურამ ახალ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით აუცილებლად უნდა დაიწყოს ხელახალი გამოძიება; მაგრამ თუკი ეს არ მოხდება, შემდეგი კვირის სამუშაო დღეებში უწყებას თავად მიმართავენ.

"აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული საჯარო მოხელეების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და ძირითადი საქმე. ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია", - ეუბნება ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას.

ადვოკატებისთვის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, როგორ აღმოჩნდა თამარის სხეულში სიკვდილის გამომწვევი მედიკამენტი, რომელიც არც თამარს უყიდია და არც ვინმე სხვას, მისი გარემოცვიდან.

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.
  • საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
  • 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.
  • ოჯახი თავიდანვე აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
XS
SM
MD
LG