პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს საზოგადოების ევროინტეგრაციის სურვილს. ამის შესახებ მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ისაუბრა ბრიფინგზე, რომელიც ქართველ კოლეგასთან ერთად გამართა.
"პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც.
ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის - როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების - ჩართულობა და ძალისხმევა", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ.
"განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაცია. ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება, ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 26 აპრილს ჩამოვიდა და 28 აპრილამდე დარჩება.