როგორც კი ქვეყნიდან მათი უსაფრთხოდ გამოყვანის ყველა დეტალი შეთანხმდება, მათ საქართველოში დააბრუნებენ.
ავიაკომპანია Geo Sky-ს დირექტორი შალვა კიკნაძე მოელის, რომ შესაძლოა, საღამომდე ყველაფერი დაზუსტდეს და ამ შემთხვევაში, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი გახდეს საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა სუდანიდან.
„მთავარია, რომ სადაც ახლა არიან, იქ საფრთხე არ არის. იქ სროლა არ ისმის, ხალხი დადის და მაღაზიებიც ღიაა“.
იგივე დაგვიდასტურა Geo Sky-ს თანამშრომლის ოჯახის წევრმაც, რომელთანაც ბოლო დღეების განმავლობაში რადიო თავისუფლება მუდმივ კავშირზე იყო:
„ვიცი, რომ სამშვიდობოსაა. ინტერნეტი გამოელია და ვერ ველაპარაკები, მაგრამ მისი კოლეგების ოჯახის წევრებთან მაქვს კავშირი და კარგად არიან“.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ MyWay Airlines-ის დირექტორს, რატი ბაკურაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ადგილი, სადაც ახლა მისი კომპანიის თანამშრომლები არიან, არის უსაფრთხო, ეპიცენტრიდან შორს, აქვთ წყალი, ელექტროენერგია და უკეთესი პირობები. „ახლა ველოდებით მითითებებს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან - რომელი გზაც უფრო უსაფრთხო იქნება, იმ გზას ავირჩევთ მათი ევაკუაციისათვის“.
რატი ბაკურაძემ ასევე გვითხრა, რომ ხართუმის აეროპორტში დამწვარი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მათია, თუმცა, რადგან ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება, ამ დრომდე ოფიციალურად ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.
„ჩვენი პარტნიორები იქ ჯერ ვერ შედიან, რადგან აეროპორტის გარშემო მიდის ძირითადი ბრძოლები“, - გვითხრა რატი ბაკურაძემ.
დროებითი ზავის პირობებში, სუდანიდან ამ დრომდე გრძელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია.
სუდანი უკვე დატოვეს ამერიკელმა დიპლომატებმა და მათი ოჯახის წევრებმა. თავისი მოქალაქეები გაიყვანა ესპანეთმა. საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ მათაც შეძლეს 700-მდე ადამიანის ევაკუაცია. გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი ბერლინში ორშაბათს დილით დაეშვა.
ხალხის ნაწილის ევაკუაცია პორტ სუდანიდან წითელი ზღვის გავლით მოხერხდა. ინდონეზიის განცხადებით, მისი 500-ზე მეტი მოქალაქე ასევე ელოდა პორტიდან ტრანსპორტირებას წითელი ზღვის გავლით საუდის არაბეთის პორტ ჯედაში. დანიამ, ლიბანმა, ნიდერლანდმა, შვეიცარიამ და შვედეთმა ასევე განაცხადეს, რომ გამოიყვანეს მოქალაქეები.
ქვეყნის დატოვებას ყველა შესაძლებელი გზით ცდილობენ თავად სუდანის მოქალაქეებიც.
სუდანში უკვე მეათე დღეა გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ.
არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო.
ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.
ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.