Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი იმედოვნებს, საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტით პარლამენტი ისარგებლებს


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ეს კარგი მექანიზმია და მას სხვა ქვეყნების პარლამენტებიც მიმართავენ. აშშ-ის ელჩი ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას, შეისწავლონ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის საქმიანობა, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა.

„პარლამენტი ქმნის საგამოძიებო კომისიებს, როგორც მექანიზმს, რათა გადახედოს საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მეტი გამჭვირვალობისა და ინფორმირებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, იყვნენ უკეთ ინფორმირებული. ამ მექანიზმის შექმნის მიზეზი პარლამენტისგან არის მოქალაქეების უზრუნველყოფა მეტი ინფორმაციით. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო ტექნიკაა, რომელსაც ბევრი პარლამენტი იყენებს, მათ შორის აშშ-ის კონგრესი და ვიმედოვნებ, რომ ამ ინსტრუმენტით პარლამენტი და პარლამენტის წევრები ისარგებლებენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან კომენტარში, პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ, რომელსაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებოდნენ.

პარლამენტში მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას სურს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გავლაზე სამჯერ თქვა უარი. შედეგად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კვორუმი ვერ შედგა.

კომისიის შექმნაზე დადგენილების კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.

"[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს", - თქვა 18 აპრილის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

XS
SM
MD
LG