საქართველოს პარლამენტში ვერ დაამტკიცეს მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რადგან მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", რეგისტრაცია არ გაიარა. საკითხი პარლამენტში დღეს, 18 აპრილს, განიხილებოდა, რასაც წინ უსწრებდა აშშ-ს მხრიდან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესება.
საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.
"საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რეგისტრაციის დაწყების წინ.
საკითხის კენჭისყრაზე გასატანად საჭირო იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს. იმის გამო, რომ ამ პროცესში, დარბაზში ყოფნის მიუხედავად, არ მონაწილეობდა მმართველი პარტია, სხდომაზე ოფიციალურად დაფიქსირდა მხოლოდ 51 დეპუტატი, რაც არ იყო საკმარისი კენჭისყრის დასაწყებად.
სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილებოდა.
კომისიის შექმნის ინიციატივაზე სხდომაზე ილაპარაკა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
"[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს", - თქვა მან.
უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის შექმნა არ უნდა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების კითხვებში იკვეთებოდა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მოსამართლეების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას. ხათუნა სამნიძეს, რომელიც საკითხს წარადგენდა პარლამენტში, პირველმა კითხვა დაუსვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
"სულ რომ საფუძველი გქონდეთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ დღეს ეს პირიქით ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესს უფრო დააზიანებს. სულ რომ სწორი მოლოდინი გქონდეთ ამ კომისიისგან, ეს წაადგება, რომ ჩაგვითვალონ რეკომენდაციების შესრულებად, თუ არ წაადგება?.." - თქვა მდინარაძემ.
კითხვების ნაწილი შეეხებოდა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს დამოუკიდებლობასაც. მაგალითად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა იკითხა: "2012 წლამდე აკონტროლებდა თუ არა სასამართლო სისტემას ზურაბ ადეიშვილი [მაშინდელი იუსტიციის მინისტრი]?"
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი (მოძრაობა "ხალხის ძალა") დაინტერესდა, დაიბარებდა თუ არა კომისია გამოკითხვაზე აშშ-ის ელჩს საქართველოში, რომელიც "ოქროს მოწმედ" მოიხსენია:
"თეორიულად, ამ კომისიის შექმნის შემთხვევაში, თუ აპირებთ "ოქროს მოწმის" დაბარებას კომისიაზე, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ არ აპირებს არცერთ მტკიცებულებასთან დაკავშირებით საუბარს, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის".
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხში ერთიანია
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს ეუბნებოდნენ, რომ მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა დაეხმარებოდა საქართველოს იმ 12 რეკომენდაციის შესრულებაში, რომლებიც საჭიროა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
"ეს საგამოძიებო კომისიის შექმნა თუ გადაარჩენს 12 პუნქტის შესრულებას, იმიტომ რომ პარლამენტი გამოხატავს მზაობას ამ საკითხების შესწავლასთან დაკავშირებით. საგამოძიებო კომისიის შექმნა ნიშნავს საკითხის შესწავლას, რატომ გგონიათ, რომ მაინცდამაინც დაგვემხობა სასამართლო სისტემა თავზე?! ამ შიშს ხომ არ გამოხატავთ უმრავლესობის წარმომადგენლები?", - თქვა თამარ კორძაიამ, პარლამენტის უპარტიო დეპუტატმა.
კიდევ ერთმა უპარტიო დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კი გაიხსენა, რომ მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები და სწორედ ამიტომ ჩაიწერა 12 რეკომენდაციაში იგი ერთ-ერთ საკითხად:
"ჩვენი პარტნიორები დიდი ხანია საუბრობენ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი მოცემულობა, რომელიც ხელს უშლის 12 რეკომენდაციის შესრულებას. თქვენ, მოგმართავთ უმრავლესობას, არც ერთხელ დაინტერესებულხართ ღია წყაროებით, სამოქალაქო სექტორის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის და ა.შ. მასალებით, რომელიც ამხელდა კორუფციას და კლანის მოქმედებას. ერთხელ არ გამოგითქვამთ დაინტერესება..."
პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თამარ ჩარკვიანმა კი თქვა, რომ მოსამართლეების სანქცირების საკითხი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაში დახმარებაა.
"პირველად გავიგე, რომ სანქცირებული მოსამართლეების საკითხის გამოძიება, თურმე შეიძლება არ იყოს კარგი პროცესისთვის. ხალხო, ისეთ რამეებს ვისმენ, რომ წარმოუდგენელია. იმიტომ დაასანქცირეს, რომ ნახეს, არაფერს არ აკეთებთ, რომ 12 პუნქტი შესრულდეს... პროცესს რომ წაადგება და სტატუსი რომ მივიღოთ, იმიტომ დაასანქცირეს ეს მოსამართლეები..." - თქვა ჩარკვიანმა.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმება, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილია.
"არ შეიძლება, ნაცარს ვაყრიდეთ ერთმანეთს თვალებში, ვითომ არ ვიცით, სასამართლოში რა ხდება. უხერხულია, მურუსიძე და ჩინჩალაძე რომ აზის ამ ქვეყანას თავზე და სასამართლო ჯიბეში რომ ედოთ წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების დროსაც. ამის გარკვევა გვინდა და ხალხს გვინდა ვაჩვენოთ, რომ, თუ სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსა, ეს ქვეყანა სულ ასეთი ღატაკი და უპერსპექტივო იქნება, არც ინვესტორი გაგვეკარება და არც არავინ", - უთხრა უმრავლესობის დეპუტატებს მან.
ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ მმართველი პარტია პროცედურულად დროს გაწელავდა და რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაო საათების (21:00 სთ) დასრულების გამო, საკითხის განხილვა გადაიდებოდა. საკითხის გადადების ნაწილში ოპოზიციის მოლოდინი გამართლდა, თუმცა სხვა მიზეზით.
"წარმოუდგენელი ამბავი ხდება და პირდაპირ გეუბნებით, ამ წარმოუდგენელ ამბავს არ გაგატანინებთ. შოუს დადგმასაც არ დაგაცდით და ასევე არ გაგატანინებთ ისეთ საკითხებს, რომელიც ლოგიკაში არ ჯდება და მხოლოდ დავალების შესრულებას ემსახურება, მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მიმართული სასამართლოს წინააღმდეგ, მისი ხელში ჩაგდების მიზნით", - თქვა რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.