Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის 20-მდე Geo Sky-ის თანამშრომელია


არეულობა სუდანში. 16 აპრილი, 2023 წელი
არეულობა სუდანში. 16 აპრილი, 2023 წელი

სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის უმრავლესობა ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მათთან, ოჯახის წევრების მსგავსად, ხშირი კონტაქტი აქვთ.

"არა მარტო ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ მხარეები უახლოეს საათებში შეთანხმდებიან დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაზე. როგორც კი შეწყდება ცეცხლი, მზად ვართ მათი ევაკუაცია მოვახდინოთ", - ამბობს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანში ახლა საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. მათ შორის უმრავლესობა, 20-მდე ადამიანი, Geo Sky-ის თანამშრომელია. შალვა კიკნაძე ამბობს, რომ თუ გამოფრენის შესაძლებლობა გაჩნდება, მზად არიან წამოიყვანონ არა მარტო საკუთარი თანამშრომლები და ქართველები, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.

არეულობის დაწყებამდე Geo Sky სუდანიდან ასრულებდა ფრენებს. კომპანია 2017 წელს დაარსდა და სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს სთავაზობს კლიენტებს.

"თუ შესაძლებელი იქნება საჰაერო ხომალდით გამოფრენა, მზად ვარ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე სხვები წამოვიყვანოთ, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი იქნება მსურველი. ხომალდით, ჩვენი თანამშრომლების გარდა, კიდევ 100-მდე ადამიანის წამოყვანა შეიძლება", - ამბობენ კომპანიაში.

16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.

BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.

მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.

სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან".

მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხარტუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.

„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.

XS
SM
MD
LG