9 აპრილს ბზობაა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კონტროლს ამკაცრებს - საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 24-საათიან პატრულირებაზე გადადის. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება 500-1000 ლარით დაჯარიმდება.
კოლხური ბზა საქართველოს ენდემია. ძალიან ნელა იზრდება და წლებია საჭირო, რომ თუნდაც ბუჩქად იქცეს. იმის გამო, რომ გადაშენების პირას იყო, წითელ წიგნში შეიტანეს და მისი მოჭრა აკრძალეს. აკრძალვას არც ძვირფას მერქანზე მოთხოვნა შეუმცირებია და არც ჭრა. განსაკუთრებით იკაფებოდა ბზობის დღესასწაულზე. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ბზის ნაკურთხი ტოტი ყველამ უნდა შეიტანოს სახლში.
ბზის გადაშენების ინტენსიური პროცესი 2011-2012 წლებში დაიწყო, როდესაც მცენარეს სოკოვანი დაავადება - ბზის სიდამწვრე - გაუჩნდა. სოკო ქარს ერთი კორომიდან მეორეზე გადაჰქონდა და სწრაფად გავრცელდა. გარემოს დამცველები ჯერ ამ დაავადებას ვერ გამკლავებოდნენ, რომ ახალი მტერი გამოჩნდა - ბზის ალურა, პეპელა, რომელიც ჯერაც მატლად მყოფი ბზის ფოთლებითა და ყლორტებით იკვებება. 2015-2016 წლებში საკმაოდ თბილი ამინდები იყო, მავნებელმა რამდენიმე თაობის გამოჩეკა მოასწრო. ბზის შეწამვლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბზის ალურა ჯერ კიდევ მატლია, მაგრამ გამოჩეკის პროცესს ტყეში ხშირად ვერ ამჩნევდნენ და ამის გამო პარაზიტი მცენარეს მალევე ანადგურებდა.
კოლხური ბზა განსაკუთრებით ბევრი სამეგრელოსა და აჭარაში იყო. მაია კოდუა - ორგანიზაცია „სენის“ კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში - ამბობს, რომ ახლა ბზა ძირითადად სკვერებსა და ეზოებშიღა დარჩა, სადაც მისი შეწამვლა შედარებით იოლია.
„ტყეში ბზა თითქმის არსად მეგულება. აღარაა ის ხუთასი და ექვსასი წლის ხეები, ბუჩქებიც ყველა გახმა მარტვილშიც, ჩხოროწყუშიც, წალენჯიხაშიც. ხშირად გავდივარ ხოლმე ტყეებში და ვეღარსად ვხედავ. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, იქ, სადაც ადრე ბზა იყო, პატარა მცენარეებია ამოსული“, - ამბობს მაია კოდუა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ სოკოსა და ბზის ალურას გამო ბზის მრავალსაუკუნოვანი კორომები თითქმის სრულიად განადგურდა, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებზეც.
„2015 წლიდან დავიწყეთ კვლევები და მავნებელთან ბრძოლა. სეზონში რამდენჯერმე იწამლებოდა გურიაში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, იმერეთში. რაჭის ტერიტორიაზე შევარჩიეთ საკონსერვაციო ადგილი, აქ უფრო აგრესიული მეთოდები გამოვიყენეთ, რომ თუნდაც სადედე ტერიტორია გადაგვერჩინა. რაჭაში თითქმის მთლიანად შენარჩუნდა ბზები, თუმცა სამეგრელოსა და იმერეთის ნაწილში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, გადამხმარია ტერიტორიები, - ამბობს ნათია იორდანიშვილი, - ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ზოგან, ერთი შეხედვით გამხმარმა ხეებმა რეგენერაცია, განახლება დაიწყეს. ზოგან ახალი ყლორტებია წამოსული. რიგ ადგილებში ეს ტერიტორიები შემოვღობეთ. ვაკვირდებით და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით სახეობა შენარჩუნებულია“.
დღეს ბზის კანონიერი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო სანერგეებში, ხელოვნურად გაშენებულ პლანტაციებში ან იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ბზა თავის ეზოში აქვს დარგული. ეს ბზა შეიძლება გაიყიდოს კიდეც, თუ გამყიდველს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობა აქვს.
„წითელ წიგნშია შეტანილი, მაგრამ მოსახლეობა მაინც ჭრიდა ბზას ტყეში უკანონოდ. ყოველ წელს ვაკვირდები და შარშან ბზობაზე უკვე აღარ იყო იმდენი. უფრო ქოთნებში გამოყვანილი მცენარეები გამოიტანეს. კიდევ პალმის რტოები, ბაია და ტირიფი მოჰქონდათ“, - ამბობს მაია კოდუა.
საპატრიარქომ ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო ეკლესიიდან არა ბზის ტოტების, არამედ ქოთნებში დაკალმებული ნერგების გატანება, მაგრამ ამას ვითარება დიდად არ შეუცვლია.
„ბზის სხვა რამით ჩანაცვლება პრაქტიკაში არ გვქონია. ჩითილები გამოგვყავდა და მოსახლეობას პირდაპირ ნერგებს ვატანდით. ჩანს, არ გაამართლა, რომ გაემართლებინა, ხომ არ გახმებოდა. ძალიან ბევრი დარიგდა ეს ნერგები, ალბათ მერე სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ. წელს ვეღარ მოესწრება, იქნებ მომავალი წლისთვის ისევ გავაკეთოთ, რომ სახეობა შევინარჩუნოთ“, - ამბობს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ანდრია (ჯაღმაიძე).
სახეობის გადასარჩენად ბევრმა გადაწყვიტა, ბზა სახლსა და ეზოში მოაშენოს. ბზის დაკალმების მსურველებისთვის გარემოს დამცველებმა გზამკვლევი მოამზადეს:
- დაკალმებისთვის შერჩეული მცენარე და მის გარშემო ყველა მცენარე ჯანსაღი უნდა იყოს.
- კალამი უნდა იყოს ერთი წლის მაინც.
- მჭრელი სეკატორით უნდა აჭრათ 12-15 სმ სიგრძის კალამი.
- აჭრილ კალამს მჭრელი დანით მოაჭერით ქვედა ფოთლები 5-7 სმ-ზე, ისე, რომ ღერო არ დაზიანდეს.
- გამზადებული კალამი შეახვიეთ პოლიეთილენში, ან ჩადეთ წყალში, რომ დარგვამდე არ გამოშრეს.
- სუბსტრატად გამოიყენეთ ტორფის წვრილი ფრაქცია; სუბსტრატი მოათავსეთ 3-4 სმ დიამეტრის კასეტებში ან ერთჯერად ჭიქებში; კასეტებში მოთავსებული სუბსტრატი კარგად მორწყეთ.
- მოამზადეთ დასაფესვიანებელი ხსნარი (ჰეტეროაუქსინის 2 აბი იხსნება 10 ლიტრ წყალში, საკმარისია 1,000 კალმისთვის).
- გამზადებული კალმის ღეროს ქვედა ნაწილი ჩადეთ დასაფესვიანებელ ხსნარში. გააჩერეთ 10-16 საათი.
- სუბსტრატში წვრილი ჯოხის საშუალებით გააკეთეთ ჩაღრმავება.
- კალამი ჩადეთ სუბსტრატის ჩაღრმავებაში და სუბსტრატი კარგად დატკეპნეთ.
- დაკალმების შემდეგ კასეტებს გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი.
- დადგით თბილ, განათებულ, მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
- პერიოდულად შეამოწმეთ ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობა.
- პერიოდულად შეამოწმეთ კალმების სიჯანსაღე, თუ რომელიმე დასნებოვნდა, მოაშორეთ.
- კალამი გადასარგავად მზად იქნება დაახლოებით 2 თვეში.