Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსამართლე გვრიტიშვილი პრემიერთან შეხვედრის ორგანიზებას ითხოვს ფაქტების მისაწოდებლად

მოსამართლე გვრიტიშვილი პრემიერთან შეხვედრის ორგანიზებას ითხოვს ფაქტების მისაწოდებლად


დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი
დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მოსამართლეების შეხვედრის ორგანიზების ინიციატივით გამოდის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მან პრემიერს მიმართა, „დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა“, რათა სასამართლო სისტემაზე კულუარული ზეწოლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. გვრიტიშვილის თქმით, დაელოდებიან ხელისუფლების რეაგირებას ქვეყნის სუვერენიტეტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლო სისტემა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და როდესაც მოსამართლეების სანქცირება ხდება, ამისთვის უნდა არსებობდეს მყარი მტკიცებულებები.

გვრიტიშვილი მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიმართვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი, როგორც "მთავრობისგან პირველ რეაგირებას".

"ჩემს კოლეგა მოქმედ მოსამართლეებს ბრალი დასდეს კორუფციაში და დაასანქცირეს. ყველა გონივრულად მოაზროვნე ადამიანს, მოქალაქეს, კოლეგას, კოლეგიალობიდან გამომდინარე სულ მცირე და შემდგომ თუ გავყვებით მოქალაქის სტანდარტს, გონივრულად მოაზროვნე ადამიანის სტანდარტს, პატრიოტის სტანდარტს, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არსებობს, თუ მას სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული სასამართლო ჰყავს, ნებისმიერი ადამიანის რეაქცია, ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი ძვირფასია, იქნებოდა ისეთი, როგორიც მაქვს მე და ჩემს კოლეგებს, ლევანს [მურუსიძეს]“ , - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ მას გაუჩინა განცდა, რომ ილახება ქვეყნის სუვერენიტეტი.

როგორც მედიასთან კომენტარში სხდომის შემდეგ თქვა გვრიტიშვილმა, მზადაა გადადგეს თანამდებობიდან იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე უკანონო შინაარსის სატელეფონო საუბრებს აწარმოებდა. ამასთან, მან დასვა შეკითხვა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებასთან დაკავშირებით და გამოთქვა გაკვირვება, რატომ არიან მხოლოდ ისინი სანქცირებული მაშინ, როცა მისგან არაფერი განსხვავებული გაუკეთებიათ.

„კანონის საფუძველზე ვახორციელებთ მართლმსაჯულებას და ასევე გარკვეულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს, უშუალოდ სასამართლოში თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსხვავებას, სტატუსის თვალსაზრისით, ჩემსა და მიხეილ ჩინჩალაძეს, მურუსიძეს და შენგელიას შორის ვერ ვხედავ. ამიტომ დავსვი ეს რიტორიკული შეკითხვა, რა ნიშნით გამოირჩა ეს ხალხი. რატომ დასანქცირდნენ ისინი და არა მე-მეთქი, წუხილი არ გამომითქვამს, უბრალოდ გაკვირვება გამოვთქვი“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლების მცდელობაზე, გავლენა მოეხდინათ მოსამართლეებზე საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენისას, შეეცვლევინებინათ პოზიცია მაშინ, როდესაც კონკრეტული ინიციატივა მოსამართლეებს არაკონსტიტუციურად და ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიაჩნდათ.

შეიძლება, ეს არ იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი, მაგრამ ჩვენ ამას ვამბობთ, ეს არის სასამართლო ხელისუფლების, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობა. მიზანი საბოლოო ჯამში ნათელია - ერთი ჯაჭვის კონკრეტული რგოლებია ის სახელმწიფოები, ჩამოვთვალე, განვიხილე უკრაინის და ალბანეთის მაგალითები, იგივე სქემით. იგივე ორკესტრირებული შეტევები, იგივე ე.წ რეფორმებით, რომელიც განხორციელდა ამერიკელების ჩართულობით და საელჩოების ჩართულობით, ამ სახელმწიფოს, უკრაინის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, უკრაინის სუვერენიტეტზე სასამართლო ხელისუფლების ნაწილში უარი თქვა, გადააბარა რა, მაგალითად, მოსამართლეების დანიშვნის უფლებამოსილება მთლიანად ე.წ საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ რაღაც გაურკვეველ კომისიას“, - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა და დაამატა, რომ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის აღშფოთებას უნდა იწვევდეს ეს ფაქტი, რომ ვიღაცამ დაუნიშნოს მოსამართლეები.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".

XS
SM
MD
LG