Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოჯახის წევრებიც“ - ვინ ვეღარ შევა აშშ-ში სანქციადადებული მოსამართლეების ოჯახებიდან?


ქართველი მოსამართლეებისათვის აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. როგორც რადიო თავისუფლებას ამერიკის საელჩოში განუმარტეს, ამერიკაში შესვლას ვეღარ შეძლებენ მათი მეუღლეები და შვილები.

სანქციების ქვეშ მოხვედრა ნიშნავს, რომ გაუუქმდებათ მოქმედი ვიზები, თუ ასეთი აქვთ. მათ მოუწევთ აშშ-ს დატოვება (თუ იქ არიან) და ასევე, ისინი ვერ მიიღებენ აშშ-ს ვიზას ოფიციალურად და ვერ შეძლებენ ქვეყანაში შესვლას მანამ, სანამ აშშ-ს მთავრობის მხრიდან ეს სანქციები არ მოიხსნება.

სანქციები არ გავრცელდება ამ ოთხი მოსამართლის ოჯახის რომელიმე წევრზე, თუ ის აშშ-ს მოქალაქეა.

მაგალითად, თუ ერთ-ერთ სანქციადადებული ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის ქალიშვილს, მარიამ ცერცვაძეს, რომელიც მისი მამის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა, აქვს აშშ-ს მოქალაქეობა, მას ეს სანქციები ვერ შეეხება.

ჩვენ ვეცადეთ ამ ინფორმაციის დაზუსტება თავად ყოფილ მოსამართლ„ესა და მის მეუღლესთან, თუმცა მათ ამ დრომდე ჩვენს კითხვაზე არ უპასუხიათ.

სანქცია შეეხება ვალერი ცერცვაძის მეორე, 2009 წელს დაბადებულ შვილს, ნიკოლოზ ცერცვაძეს და მოსამართლის მეუღლეს, გვანცა მიქუჭაძესაც.

ლევან მურუსიძის 2022 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფა ცარიელია.

წინა წლების დეკლარაციებში კი ოჯახის წევრებად მას მშობლები და და ჰყავს მითითებული.

თუმცა „სტუდია მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში საუბარია იმაზე, რომ ლევან მურუსიძე წლებია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ლელა ჭანიასთან, რომლის სახელი მურუსიძის არც ერთ დეკლარაციაში არ ჩანს. მურუსიძემ სტუდია „მონიტორის“ კითხვაზე, თუ რატომ არ უთითებდა მას დეკლარაციაში, უპასუხა, რომ „მას მეუღლე არ ჰყავს“.

ლელა ჭანიას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს, ამავე გამოძიების მიხედვით, ნაყიდი აქვს არაერთი უძრავი ქონება თბილისსა თუ ბათუმში.

მიხეილ ჩინჩალაძეს, რომელსაც ასევე შეეხო აშშ-ს სანქციები და აეკრძალა აშშ-ში შესვლა, მისივე დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს მეუღლე - მარიკა მარიკაშვილი და ოთხი შვილი: თამაზ, რუსუდან, ბარბარე და ვიქტორია - უფროსი ვაჟი 19 წლისაა, უმცროსი კი 2021 წელს არის დაბადებული. სანქციებს გვერდს ვერც ისინი აუვლიან.

ჩინჩალაძის მეუღლის, მარიკა მარიკაშვილის ფულად გასავლებში მითითებულია, რომ მან შვილების 2022 წელს სწავლის საფასურში გადაიხადა 11 737 და 11 007 ლარი, თუმცა სად არის ეს სასწავლებელი, დაზუსტებული არ არის.

სანქციები შეეხება ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შენგელიას ცოლს, ლანა თევზაძეს და მათ შვილს, 2007 წელს დაბადებულ ნიკოლოზ შენგელიას.

ოჯახის წევრების გრაფაში შენგელიას მხოლოდ ეს ორი ადამიანი ჰყავს მითითებული.

5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედ თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.

საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა. თავად მოსამართელეებიდან ჟურნალისტების კითხვებს ამ დრომდე მხოლოდ ლევან მურუსიძემ უპასუხა და თქვა, რომ მისთვის სანქციების დაწესება „საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია“.

კიდევ ერთი, ყოფილი მოსამართლე ვალერი ცერცვაძე კი ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადებით შემოიფარგლა, თქვა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებებს და ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

მიხეილ ჩინჩალაძე და ირაკლი შენგელია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჯერ საჯაროდ არ გამოხმაურებიან. მათ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხეს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG