ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, მის წინააღმდეგ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება "დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე" მიიღო.
მოსამართლეების დასანქცირების თემას ცერცვაძე ფეისბუქზე გამოეხმაურა. იგი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ "უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები" სასამართლოში გავლენის მოპოვებას ისახავს მიზნად.
"მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.
ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას", - წერს ის.
ვალერიან ცერცვაძე აშშ-ის მიერ დასანქცირებული ოთხი პირიდან ერთადერთია, რომელიც მოსამართლის თანამდებობას აღარ იკავებს. მის მსგავსად, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ მოქმედ მოსამართლეებს ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიასა და მათი ოჯახების წევრებს.
ვალერიან ცერცვაძის დეკლარაციის მიხედვით, მისი ერთ-ერთი შვილი 2013 წელს აშშ-ში, ნიუ-იორკში დაიბადა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაცემებით, ცერცვაძე 2008 წლის 8 ოქტომბერს აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ის იმ დროს უკვე იკავებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას.
ცერცვაძემ 2017 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა. ეს პოსტი მალევე ჩინჩალაძემ დაიკავა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ მომავალი თავმჯდომარის ვინაობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.