Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბაქო აზერბაიჯანელ დეპუტატზე თავდასხმას ირანს უკავშირებს და „ტერაქტს“ უწოდებს

ბაქო აზერბაიჯანელ დეპუტატზე თავდასხმას ირანს უკავშირებს და „ტერაქტს“ უწოდებს


ირანის საწინააღმდეგო განცხადებებით გამორჩეული აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა. 2011 წლის ფოტო.
ირანის საწინააღმდეგო განცხადებებით გამორჩეული აზერბაიჯანელი დეპუტატი ფაზილ მუსტაფა. 2011 წლის ფოტო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელ დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე თავდასხმას „ტერაქტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიების პირველადი ცნობებით, თავდასხმის უკან ირანი დგას.

დეპუტატ ფაზილ მუსტაფას, რომელიც აზერბაიჯანის პოლიტიკურ სცენაზე ანტი-ირანული პოზიციებით გამოირჩევა, 2023 წლის 28 მარტს დაესხნენ თავს.

საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხთან მიახლოებისას, ავტომობილში მჯდომ დეპუტატს ცეცხლი გაუხსნეს. იგი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დეპუტატი მუსტაფა არ არის მმართველი პარტიის წევრი, თუმცა, პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, მხარს უჭერს ილჰამ ალიევსა და მის მთავრობას.

„აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე ტერორისტული აქტის პირველადი გამოძიება მიუთითებს ირანზე“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს 31 მარტის განცხადებაში.

თავდასხმა დაემთხვა ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვას და აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.

თავდასხმის მეორე დღეს, 29 მარტს, დაგეგმილი იყო ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა. 29 მარტსვე, თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნისას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია.

ისრაელი აზერბაიჯანს მრავალი წელია, იარაღს აწვდის. „სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ (SIPRI) ცნობებით, 2016 წლისთვის აზერბაიჯანს 5 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღება ჰქონდა ისრაელისგან ნაყიდი, 2016-20 წლებში კი ისრაელიდან აზერბაიჯანში იარაღის ექსპორტმა იარაღის სრული ექსპორტის 17% შეადგინა.

ორ ქვეყანას მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ენერგეტიკის სფეროშიც: ისრაელის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მესამედი აზერბაიჯანზე მოდის.

ბაქოსა და თეირანს შორის ურთიერთობა ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ დაიძაბა.

დაძაბულობამ პიკს მიაღწია 2023 წლის იანვრის ბოლოს, როდესაც ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე სისხლიან თავდასხმაში აზერბაიჯანმა ირანის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი. თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყება 31 მარტის განცხადებაში წერს, რომ ბოლო „ირანისა და სომხეთის მეგობრობა რჩება საფრთხის წყაროდ მთელი რეგიონისათვის“.

XS
SM
MD
LG