ზვიად გამსახურდიას, როგორც დისიდენტის ბრძოლის იარაღი უპირველესად სიტყვა იყო და ამ სიტყვაში არცთუ იშვიათად ლექსი. 1989 წელს გამოვიდა ზვიად გამსახურდიას ლექსების კრებული „მთვარის ნიშნობა“, პატარა თეთრი წიგნი ორმოციოდე ლექსით, რომლებიც მანამდე მხოლოდ დისიდენტურ ლიტერატურაში იბეჭდებოდა.
„შორია შარიშური შარათა, მოჰქრიან სოველი ქარნი,
ბორიო - ფლოქვების მარაბდა, ალები ტალებად მდგარი...“ (ზ.გ.)
წიგნს ავტორის წინასიტყვაობა ერთვის: „ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ლოგოსი აზრისმიერ ლოგიკურ პლანში მხოლოდ ნაწილობრივ ცხადდება. ლოგოსის გამოუთქმელი, მიღმული საწყისი მარად მუსიკალურია, იგი „მეორე“ ლოგიკით, ლოგოსის ლოგიკით გადმოიცემა, ემოციის ენით, ზესთა აზრით. ხალხურ სიტყვიერებაში ამგვარ ენას „ხატის ენა“ ეწოდება“.
ამ რამდენიმე წინადადებით ზვიად გამსახურდიამ ახსნა ის თავისებურება, რომელიც მის პოეზიას ახასიათებს. მისი ლექსები შელოცვასავითაა, ძალიან მუსიკალური, ფორმაში მოქცეული, იმდენად, რომ შინაარსი ან საერთოდ გეკარგება, ან მის მოსახელთებლად დიდი დაკვირვებაა საჭირო. თუმცა, ყოველთვის იგრძნობა განწყობა, ანუ ის, რასაც თავად ავტორმა „ლოგისის გამოუთქმელი, მიღმიური საწყისი უწოდა“.
„მთოვართა თარგს
ლურიონ ფერს
ლაინ ხვეულს
და ცით ნამღერს
გროვა მთათ მქარგს
სვიან სვეურს
ნისლოვან ჟვერს
სიამე სურს
ნიამორთ სერს
თვალავენ თან
იავარდ მტვერს
მუნ მიატან
სად ლეა ლებს
და ჰანი სტვირს
ნოილე თვლებს
ცა იებს სტირს.
„მისთვის ლექსი არის რიტუალის ნაწილი, შეიძლება ითქვას, მაგიური რიტუალის. ეს ორფიანული ტრადიცია, როცა ორფეოსი, როგორც პოეტი ხელდასხმულია. ეს არ არის ლირიკული გმირი, რომელიც მხოლოდ თავისი დარდებითაა მოცული, პოეზიით უნდა გამოიხატოს სამყაროს ამბებიც“, - ამბობს პოეტი რატი ამაღლობელი. ის ფიქრობს, რომ ზვიად გამსახურდიას შემოქმედება, იქნება ეს უშუალოდ მისი ლექსები თუ თარგმანები, მკვეთრად განზე დგას იმისგან, რაც სამოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში იქმნებოდა.
წიგნის სათაური „მთვარის ნიშნობა“, ერთი მხრივ, ეხმიანება მისი მამის კონსტანტინე გამსახურდიას რომანის სათაურს „მთვარის მოტაცება“ და თან სხვა დატვირთვაც აქვს.
„ამის მთავარი წყარო არის „ვეფხისტყაოსნის“ ფინალური სცენა „ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა“. ეს ნესტანისა და ტარიელის შეხვედრაა, ადამიანების, მაგრამ ასევე კოსმიური ფიგურების. მასთან სულ ეს თემებია: გველეშაპის მიერ გადაყლაპული მთვარე, მის გამოსახსნელად წასული მზიური გმირი - ტარიელი. მერაბ კოსტავაც თავის ლექსში „ძმას ქრისტესმიერს“ მას უწერს, რომ „ავთანდილობა ერთობ ძნელია“... ანუ მე ავთანდილი ვარ, შენ ტარიელი, უნდა გამოვიხსნათ ნესტანი, რომელშიც ჭეშმარიტება და საქართველოს დამოუკიდებლობა იგულისხმება. ამ ლექსებში არის ეზოთერიკა, აქ არის ქრისტიანობაც, „ვეფხისტყაოსანიც“ და აქ არის მერაბისა და ზვიადის დაშიფრული ენაც“, - ამბობს რატი ამაღლობელი. - „მისი ლექსები ძალიან დატვირთულია, ძალიან ინტელექტუალური, იქ ვერ შეხვდები ცარიელ ფრაზას“.
ლიტერატურამცოდნე ქეთი ქურდოვანიძე იმ დღეებს იხსენებს, როდესაც ზვიად გამსახურდია გროზნოდან საქართველოში დაბრუნდა და ზუგდიდში პატარა ტელევიზია ააწყვეს. მაშინ ქეთი ჟურნალისტი იყო. მერაბ კოსტავას დაღუპვის დღე ახლოვდებოდა და მასზე გადაცემას ამზადებდნენ.
„მაშინ ზვიადმა მერაბის პოეზიაზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ მათთვის პოეზია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი იყო. თავის შემოქმედებასაც ასე აღიქვამდა - ბრძოლის ინსტრუმენტად. სხვათა შორის, არც იყო თავის პოეზიაზე ძალიან მაღალი აზრის, არასდროს უთქვამს, პოეტი ვარო...“
„ჩვენ ძლიერ ხშირად გვიფიქრია ძმაო ამაზე,
როდის აღსდგება სამშობლო ჩვენი,
და დაბრუნდება კვლავ სილამაზე
თავისუფლების და აღმაფრენის“.
ეს ლექსი 15 წლის ზვიად გამსახურდიამ დაწერა და თავისზე ერთი წლით უმცროს მერაბ კოსტავას მიუძღვნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ბრძოლა ის-ისაა იწყება. უფრო ცნობილია ზვიადის მეორე ლექსი, წლების შემდეგ დაწერილი. მაშინ ციმბირში გადასახლებულმა მერაბ კოსტავამ პროტესტის ნიშნად 13 თვე იშიმშილა, ამას თან დაერთო მისი შვილის სიკვდილიც.
„ირაკლის ტრაგიკული თვითმკვლელობის შემდეგ კვლავ მომივიდა ციმბირიდან ცნობა, მერაბი განწირულიაო! - იხსენებდა შემდეგ ზვიად გამსახურდია, - კვლავ დავტრიალდი, ვეცი დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, იმხანად ამოხეთქა ჩემი გულიდან პასუხმა მის ლექსზე“...
„ერზე მჭმუნვარე ძმათა კრებული
ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს,
უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული
სასუფეველში შეხვალ იცოდე!“...
ზვიად გამსახურდიას ნათარგმნი აქვს ამერიკელი და ევროპელი პოეტები, ელიოტი, უიტმენი, ბოდლერი... ქეთი ქურდოვანიძე ამბობს, რომ ეს თარგმანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ზვიად გამსახურდიას პოეზია.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპული, ამერიკული კულტურისა და ფასეულობების შემოტანის კუთხით. თუ არა პოეზია, სად ჩანს ადამიანის, ქვეყნის ფასეულობები? მასთან ხშირად მისაუბრია ამერიკულ პოეზიაზე. ელიოტი მისი საყვარელი პოეტი იყო, ეზრა პაუნდიც, ამ ორს ასახელებდა ამერიკული პოეზიის მამამთავრებად“, - ამბობს ქეთი ქურდოვანიძე.
რატი ამაღლობელიც მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას პოეზიას ამერიკელი პოეტების ესთეტიკა ეტყობოდა, თუმცა ფორმით, გამოხატვის სახით მკვეთრად ქართული იყო, ძველი ტრადიციების მატარებელი, ხშირად იყენებდა სიტყვებს, რომლებსაც ძველ ქართულში, მაგალითად, „ქართლის ცხოვრებაში“ შევხვდებით.
და კიდევ ერთი, რასაც ზვიად გამსახურდიას ლექსებს „ატყობენ“, ეს არის საკუთარი თუ ქვეყნის ბედის წინასწარხედვა.
„მაგალითად, ლექსი „გაქცევა“, სადაც წერს, „ორმო გიმკითხავა მკითხავმა“, ამაში შეიძლება ბუნკერი დავინახოთ, ან „შენ ძრწოლით სინჯავ იმედის ჩახმახს, ხრიალებს ღამე ვით მომაკვდავი“, აქ თითქოს ხედავს, როგორ მოკლავენ თუ თავს მოიკლავს, - ამბობს რატი ამაღლობელი, - და ასევე ერთგან წერს: „მაშინ არ გიტირებს არავინ მკვდარსაც კი“ და მართლაც, გვახსოვს, რომ ბევრი დიდხანს არ იჯერებდა მის სიკვდილს და მართლაც არ ტიროდა“.