Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშების" პოსტერები თბილისის მეტროს სადგურებში გამოჩნდა


თბილისის მეტროსადგურებში 30 მარტის დილას გამოჩნდა სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მადისკრედიტებელი პოსტერები. პოსტერებით დილის საათებში სრულად იყო დაფარული მეტროსადგურების ჩასასვლელები, დღის მეორე ნახევარში მათი ნაწილი გაწმენდილია.

"მოღალატე ჯაშუშების" და "ეკლესიის მაგინებლების" პოსტერები თბილისის ქუჩებში პირველად 6 მარტს გამოჩნდა, "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების პარლამენტში განხილვის და სამოქალაქო პროტესტის პარალელურად. "რუსულ კანონად" მიჩნეული კანონპროექტის განხილვისას "უსამშობლოებს" და "ეკლესიის მაგინებლებს" ღიად ეძახდნენ დებატებში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპონენტ დეპუტატებს.

მეტროსადგურებში მადისკრედიტებელი პოსტერების გაკვრის ფაქტს დღეს მედიასთან გამოეხმაურა ქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, მეტროში პლაკატების გაცემის ნებართვა მერიას არ გაუცია და ამ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ხშირად ხდება დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა სახის პლაკატის გაკვრა, რაც შეიძლება, კანონსაწინააღმდეგო იყოს. მსგავს ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება რეაგირება - შესაბამისი სამსახურების მიერ ხდება პლაკატების ჩამოხსნა და იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც და პოლიციაც სამოქალაქო აქტივისტებს ხშირად აჯარიმებს საპროტესტო ბანერების არა მხოლოდ მუნიციპალურ შენობებზე, სამშენებლო ღობეებზე გაკვრისთვისაც კი.

"ეკლესიის მაგინებელი მოღალატეების" პლაკატები არ არის სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სიძულვილის ენას და დისკრიინაციულ კამპანიის პირველი შემთხვევა. არჩევნების წინ პერიოდულად ჩნდება ბილბორდები, სადაც სისხლის ლაქების ფონზე არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები გამოსახული.

XS
SM
MD
LG