კლინიკა „ვივამედის" განცხადებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. როგორც მან თქვა, „ვივამედის" მიმართვის შემდეგ სამინისტრო განიხილავს კლინიკიდან სააკაშვილის გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხს.
„ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.
მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს“, - თქვა რატი ბრეგაძემ.
22 მარტს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა კლინიკა „ვივამედმა". კლინიკამ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მიმართავს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
- 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
- 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაშია საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
- 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
- სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.