Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო დახმარებაზე უარი წამებას უთანაბრდება, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს სააკაშვილის გათავისუფლებას - Amnesty International-ი, HRW-ი


"სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, გათანაბრებულ იქნას წამებასთან და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების დამამცირებელ მოპყრობასთან", - განაცხადა დენის კრივოშეევმა.
"სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, გათანაბრებულ იქნას წამებასთან და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების დამამცირებელ მოპყრობასთან", - განაცხადა დენის კრივოშეევმა.

საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, რაც სიკვდილის სერიოზული რისკის, მუდმივი ინვალიდობისა და სხვა გარდაუვალი ზიანის წინაშე აყენებს მას, ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, „ჰიუმან რაითს უოჩისა“ და „ამნესტი ინტერნეშენალის“ მიერ 2 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასში ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერაც ელოდებიან რეაგირებას ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ მათ ერთობლივ წერილშია გამოთქმული.

„მიხელ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, გათანაბრებულ იქნას წამებასთან და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების დამამცირებელ მოპყრობასთან და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა, „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ.

სამედიცინო დახმარებაზე წინასწარგანზრახული უარის გამო საპატიმროში სიკვდილი უთანაბრდება სიცოცხლის თვითნებურ მოსპობას, რაც ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის უნდა განიხილოს სამედიცინო მიზნით მისი გათავისუფლების საკითხი“, - ამბობს კრივოშეევი.

"ჰიუმან რაითს უოჩი“ და „ამნესტი ინტერნეშენალი“ ხაზს უსვამენ ექიმების ორი დამოუკიდებელი ჯგუფის დასკვნას, რომლის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ბოლო 16 თვის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობას სიცოცხლისათვის საშიში რიგი სიმპტომები განუვითარდა.

"სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ერთი ჯგუფის თანახმად, სააკაშვილს აწუხებს ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც საფრთხე უქმნიან მის ჯანმრთელობას და საჭიროებენ ისეთ მკურნალობას, რაც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ამას გარდა, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების აზრით, რომლებმაც 18 თებერვალს მოინახულეს სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა მათი ბოლო ვიზიტის, 2022 წლის 19 დეკემბრის შემდეგ და შესაძლოა, მალე სააკაშვილს ორგანოებს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეთ", - ნათქვამია ერთობლივი განცხადებაში.

ამასთან ტექსტში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის მიერ მძიმედ დაავადებული პატიმრების გათავისუფლებას, რაც ხშირად უარყოფილია.

სააკაშვილის მიერ დეკემბერში შეტანილი შუამდგომლობა სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით მისი სასჯელის გადავადების ან შეჩერების შესახებ, 6 თებერვალს უარყო თბილისის სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილებაც სააკაშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ამნესტი ინტერნეშენალი“ და „ჰიუმან რაითს უოჩი“ შეახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ პატიმრის მუდმივი სამედიცინო მომსახურებისა და დაკვირვების თუ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ შესაბამისი სამედიცინო მუშაკები და იგი არ უნდა იყოს უარყოფილი და უგულებელყოფილი არასამედიცინო უწყებების მხრიდან.

„ციხეში პატიმრობა არ უნდა მოასწავებდეს სასიკვდილო განაჩენს, როდესაც მდგომარეობა, რომელიც განკურნებას ექვემდებარება, ტრაგიკულად ფატალური ხდება", - ამბობს ჰიუ უილიამსონი, „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის ჰუმანიზება და იგი საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს. მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პატიმრობიდან ნებისმიერი იმ პირის გათავისუფლებას, რომლის საპატიმროში დარჩენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებლად მიიჩნევა, ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა, სადაც ახლობლების, ადვოკატებისა და დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების თანახმად, მან ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ - ოჯახი, ადვოკატები და სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმი მიიჩნევდნ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ კლინიკა "ვივამედი" სააკაშვილს სათანადო მკურნალობას უტარებს, მაგრამ პაციენტის მიზანი არ არის გამოჯანმრთელება.
"იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის, მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე.

27 თებერვალს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG