Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: ჩინეთის პოზიციის გამო აშშ „უხერხულ მდგომარეობაში„ აღმოჩნდა


ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინპინის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 21 მარტი, 2023 წელი
ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინპინის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მოსკოვში. 21 მარტი, 2023 წელი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა შეიძლება მხარი დაუჭიროს უკრაინის შესახებ ჩინეთის ე.წ. სამშვიდობო გეგმას, რომელიც თვითონ აშშ-ს მიუღებლად მიაჩნია.

ვაშინგტონში ახლა მსჯელობენ, რომელ სტრატეგიას მიმართონ. ამის შესახებ წერს Bloomberg-ი, რომელიც იმოწმებს ექსპერტებს და წყაროებს ამერიკის ადმინისტრაციაში. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობა „უხერხულ მდგომარეობაში“ აღმოჩნდა.

კრემლში ადრე განაცხადეს, რომ ჩინეთის წინადადება განიხილეს პეკინის მმართველის, სი ძინპინის ვიზიტისას მოსკოვში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი ეთანხმება ჩინეთის არაერთ იდეას.

როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ადრე საჯაროდ გამოხატეს ღრმა სკეპტიციზმი ჩინეთის წინადადებებთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ ისინი, არსებითად, უკრაინაში რუსეთის ტერიტორიულ მონაპოვარს ამტკიცებს.

მართალია, ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებებში ლაპარაკია ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, ასევე მოლაპარაკების და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, მაგრამ არაა უკრაინიდან რუსეთის არმიის გაყვანისკენ მოწოდება. ჩინეთის მოწოდებები ეხება რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას.

Bloomberg-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აშშ-ის მდგომარეობას უწოდა "უხერხული", რადგან, პრინციპში, ჩინეთის წინადადებაზე უარის თქმისას, არ შეუძლია სრულიად უგულებელყოს ის. ეს ჩინეთს მისცემდა შესაძლებლობას, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც „დაიღალნენ“ ომისგან, ეთქვა, რომ აშშ მშვიდობიანი მოგვარების წინააღმდეგია.

ახლა ვაშინგტონში იმაზე ფიქრობენ, როგორ მოახერხონ, რომ არ თქვან უარი საკუთარ პოზიციაზე, მაგრამ ამავე დროს არ მისცენ ჩინეთს ინიციატივა. აშშ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სტატუს კვოს შენარჩუნებით მიუღებელია და ზავის პირობად ასახელებს უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანას. ამავე დროს ვაშინგტონი თვლის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკების შესახებ კიევის მისაღებია.

უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც პირდაპირ არ უარყოფს ჩინეთის წინადადებებს, მიანიშნა, რომ არ ეთანხმება მათ, ყოველ შემთხვევაში ომის ამ ეტაპზე.

XS
SM
MD
LG