საქართველოს მთავრობამ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავადმყოფოს, ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. თანამშრომლებმა კი ამ დრომდე არ იციან, სად გააგრძელებენ მუშაობას ახალი შენობის აშენებამდე და იმუშავებენ თუ არა განახლებულ კლინიკაში.
საავადმყოფო თბილისის ცენტრალურ უბანში - საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს.
"დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ...
გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა", - წერია რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საათის წინ შექმნილ ფეისბუკგვერდზე, Republic Hospital-ზე გამოქვეყნდა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის აუცილებლობაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ, 15 თებერვალს, ისაუბრა. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მალე გახდება ცნობილი, "სად და რა კონცეფციის" რესპუბლიკური საავადმყოფო აშენდება დაახლოებით 2-2,5 წელში.
"ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, რომ რაღაცები შეგვერემონტებინა, რაღაცა შეგვეცვალა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება, თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდება იმ დონეზე, რომ შენობა, სტანდარტებს, რომელიც ჩვენ ყველა კლინიკებს მოვთხოვეთ 2024-25 წლის ბოლოდან, ვერანაირად დააკმაყოფილებს.
ფინანსურად უფრო ეფექტიანია დანგრევა და აშენდება იმ ზომის, იმ ფორმის - სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და აღჭურვილი იქნება თანამედროვედ, იქნება მრავალპროფილური. დღეს პაციენტს მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. როგორ არ ვცადე, მაგრამ იმდენად რთული ინფრასტრუქტურული და აღჭურვის პრობლემებია, რომ შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ", - თქვა "რუსთავი 2-ის" ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, ზაზა ავალიანს. მან თქვა, რომ კლინიკის სახელით განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.