Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსად ევროპაში


ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

საქართველო დღეს ძალიან ახლოს დგას ევროპასთან. ისე, როგორც არასდროს. ქვეყნის ეს მისწრაფება და მოთხოვნილება ისეთი ბუნებრივია, რომ რუსული კანონის ბლიც-წესით გატანამ და მოვლენების ძალიან სწრაფი ტემპით განვითარებამ ხელი ვერ შეუშალა მთავარს: სამოქალაქო ძალის მობილიზებას და საკუთარი თავის, ნებისა და იდეების მასობრივად გამოხატვას. „ქართული ოცნება“ სადღაც გულის სიღრმეში მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ იმ ახალგაზრდების სახით, ვინც დღეს პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცნენ, 21-ე საუკუნის ცოცხალ ეკა ბეჟანიშვილებს, ნათია ბაშალეიშვილებს, თამრიკო ჭოველიძეებს დაუპირისპირდა და რომ მათ გათელვას არავინ აპატიებს.

ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რასაც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქები ახერხებენ, ყველაზე საინტერესო, ყველაზე ევროპულია ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში. ამ პროცესებმა გამოაჩინა, რომ საქართველოს თავისუფალი სული ცოცხალია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ჯანმრთელი რეფლექსები და ყოველ ჯერზე, როცა ნამდვილი, ევროპული, და არა რუსული მარშის გამოგონილი, ქართველობის წართმევით დაემუქრებიან, ის არ დათმობს თავის იდენტობას.

დიახ, საქართველოს თავისუფალი სული ცოცხალია და ყველგან სუნთქავს. სად ფეთქავს პოეზია სხვაგან, ისეთ არაპოეტურ დღეებში, როგორც დღეს საქართველოში? სად იწერება ისეთი ლექსი, რომლიც გვამცნობს, რომ

ასპარეზზე გამოვლენ ახლებ

დამთავრდა ერა

ჰალსტუხიანების,

მუცელგველიანების!

გინდ არქვი მგლები,

გინდ არქვი ძაღლები,

ასპარეზზე გამოვლენ

ახლები!

აიყრება დახლები.

გაწმენდენ,

გაწმენდენ,

სიმღერის თანხლებით.

ასპარეზზე გამოვლენ ახლები!

მე შორს დავუდგები,

შორს დავესახლები,

ვუყურებ,

დავტკბები,

ვუყურებ,

გავძღები:

ასპარეზზე გამოვლენ ახლები!

სწორედ დღეს იწერება ეს გენიალური ლექსი და მას წერს დიდი ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული. დღეს იდგმება ბერლინის თეატრის დიდ სცენაზე „მედეა“ და მას დგამს ქართველი რეჟისორი, პაატა ციკოლია, რომელიც სპექტაკლის შემდეგ ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრის სცენაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშას შლის და ამბობს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია. „საქართველო გაიმარჯვებს! უკრაინა გაიმარჯვებს! იმპერია დაეცემა! დაეცემა სამუდამოდ!“ - აცხადებს ის სავსე დარბაზის წინაშე, რადგან კარგად იცის, რომ ამ გამარჯვების გარეშე არ იქნება კულტურა, არ იქნება თეატრი, არ იქნება მედეა და არ ვიქნებით ჩვენ.

დღეს გააქვს კვარას საუკუნის გოლი ევროპის გადავსებულ სტადიონზე.

დღეს! მიუხედავად იმისა, თუ სად დაიბადა კვარა, ადგილობრივებისთვის ის მათიანია, ნამდვილი „ნაპოლეტანო“, ისინი ყვირიან, ბღავიან, „კვარა, კვარა, მამამია!“ და ტირიან სიხარულისაგან! იმიტომ რომ ევროპელობა არის სიყვარულის ძებნა მსგავსებებში და არა სიძულვილის - განსხვავებებში. ამიტომ უყვართ კვარა სიგიჟემდე, იმიტომ რომ ის ჰგავს მათ მარადონას! ეს არის ევროპა - სხვისი ნიჭით აღფრთოვანების უნარი, წაგების შემდეგ მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევა, ისე როგორც ეს გააკეთა ღირსეულმა მერაბ დვალიშვილმა - ეს არის ევროპა! ეს ხდება დღეს, ახლა, ამ წამებში... მაგრამ ეს სია სინამდვილეში ბევრად უფრო დიდია! და არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანები არ უყვარს რუსეთს, მათი წარმატება არ უხარია რუსეთს, არამედ ევროპას, რადგან იქ უყვართ თავისუფლება და უყვართ თავისუფალი, ნიჭიერი ადამიანები!

ევროპა 16 წლის სალომე კენჭიაშვილია, რომელიც ისე ლაღად და ყოველგვარი ღვარძლის გარეშე ეუბნება პრემიერს, შენ ჩემს პირსინგებს, მოდი, ნუ დაითვლი ან ჩემი გოგოობით ან ბიჭობით ნუ დაინტერესდები, დაინტერესდი გაჭირვებული ადამიანებითო, ეს არის ევროპა! ევროპა არის საოცარი ნანა მალაშხია, ქალი საჯარო სექტორიდან, რომელსაც არ ეშინია გამოხატოს თავისი აზრი და პროტესტის წინა ხაზზე დგას, ქალი დროშით, რომელსაც ნამდვილმა ევროპელმა კაცებმა გაუმაგრეს ზურგი და გვერდში დაუდგნენ, განა იმიტომ, რომ ის სუსტია, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ძლიერია, იმიტომ რომ ლიდერია, და ის უყვართ! ეს არის ევროპა, ეს არის ქალის სიყვარული და არა ის, გაშლილ სუფრებზე მანდილოსნების სადღეგრძელოს რომ დალევენ, მაგრამ ფემიციდის შესახებ კანონზე იღლიცინებენ, ხოლო იმ „ენჯეოებს“ დახურვით დაემუქრებიან, ვინც ქალებსა და ბავშვებს იცავს.

ბატონო პრემიერო! ეს არის ევროპა! ასეთი საჯარო მოხელეები ჰყავს ნამდვილ ევროპულ საქართველოს! ქართველი მწერლები, დღეს ერთად შეკრებილები, უკვე მერამდენედ, ისევ იქ დგანან, დაუღალავად, სადაც უნდა იდგნენ, და ლაშა ბუღაძის სიტყვა, ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესახებ, ეს არის ევროპა! ეს არის ნამდვილი ევროპა და მე მიხარია, რომ უკრაინის ომის ფონზე თავმოყვარეობაშელახულები, ამდენი ბოდვის მერე, რაც თქვენგან ავიტანეთ, დღეს შევძელით და წინ აღვუდექით ამ დამპალ იმპერიას, იმპერიას, რომლის შესახებაც ჩემი კლასელები, 1989 წელს მიწერდნენ ბლოკნოტში სათაურით „სამი სურვილი“; იმ სამ სურვილში, ყველა თუ არა, ერთი მაინც შეეხებოდა ჩვენს ბედკრულ საქართველოს, მის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, ანდა რუსეთის იმპერიის დამხობას! ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!, მიწერდნენ ისეთებიც კი, რომლებიც არასოდეს იღებდნენ მონაწილეობას კოლექტიურ აქტივობებში, ან არასოდეს მოდიოდნენ „შატალოზე“, რომლებიც დღეს არ ვიცი სად არიან, თუნდაც რას ფიქრობენ პოლიტიკაზე, მაგრამ მე დღეს ისინი უზომოდ მიყვარს, რადგან ჩვენ ერთი ბავშვობიდან მოვდივართ და ჩემი პატარა ბლოკნოტი ჩვენს ყველაზე სათუთ, მტკივნეულ სურვილებს ერთად ინახავს.

და ბოლოს, თუ კიდევ ვინმეს სჭირდება მიხვდეს, სად დგას საქართველო, რა არის საქართველო, ჩემს წერილს ერთი ქართველი რეჟისორის, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანის, ვისაც ვიცნობ, დათა თავაძის სიტყვებით დავასრულებ, შეკითხვით, რომელმაც დღეს არავინ დატოვა გულგრილი, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ: ევროპა, შეხედე, ბოლოს როდის ნახე, შენი დროშა ასე ეჭიროს ვინმეს?

საქართველო, ალბათ იმიტომ, რომ შენგან შორს ვარ, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ბევრ რამეზე ისედაც მეტირება, ვპასუხობ ცრემლებით დათას და ყველა თქვენგანს, ვინც დღეს საქართველოს იცავს: არსად, არსად ევროპაში ისე, როგორც საქართველოში!

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG