Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ


კახა კალაძე, თბილისის მერი
კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტით გამოწვეული პროტესტის შესახებ ილაპარაკა ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, არაერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ.

„რა თქმა უნდა, ევროპა თითოეული ჩვენგანის არჩევანი და მიზანია. ევროპა ისტორიულად დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლის უზენაესობასთან, ღირსების პატივისცემასთან, ეს არის ის ფასეულობები, რომლისკენაც ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფოდით და დღესაც ვისწრაფვით, - აღნიშნა თბილისის მერმა და დაამატა, - აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროპაზე საუბრისას, პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, ოპონენტების მხრიდან მხვდება სტატუსები, წერენ - კახა, კარგია ევროპაში შოპინგი? სიღრმეში არ შევალ, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ადამიანებს, პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში გავატარე. ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მილანში. ჩემი წარმატებებიც მილანთან და ევროპასთანაა დაკავშირებული, რითაც ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ევროპული ღირებულებებით ვცხოვრობ. ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ტრადიციებით, კულტურით, ამ დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც. ჩემთვის ევროპა არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს“.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ მონური დამოკიდებულებით საქართველო ევროპაში ვერასდროს შევა.

„მე, როგორც ქართველი, ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი. დღესაც ასე დავდივარ - ამაყი და თავაწეული და მომავალშიც ასე ვივლი. თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, წარსული, ღირებულებები, მერწმუნეთ, არც ევროპა მიგიღებს და არც ევროპა დაგაფასებს. თუ ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, თქვენი ნებაა, თუმცა ცალ ფეხზე სიარულით და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს", - თქვა კალაძემ.

7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.

კანონპროექტის განხილვის დაწყებისთანავე პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების შეკრება დაიწყო - ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ე.წ. აგენტების კანონის მიღების წინააღმდეგ. მათი აღქმით, ამ კანონის მიღება საქართველოს რუსეთთან აახლოებს და მიზნად ისახავს თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის გაქრობას, კრიტიკული ხმის გაჩუმებას და საზოგადოების დაშინებას.

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და პილპილის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.

XS
SM
MD
LG