Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს" - იმართება ქალების მარში


ქალთა მარში თბილისში. 2023 წლის 8 მარტი
ქალთა მარში თბილისში. 2023 წლის 8 მარტი

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა საპროტესტო მარში იმართება. წელს 8 მარტის მარშის ლოზუნგია "არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს".

"ვინ ვართ ჩვენ? საქართველოს ქალები", "რა გვინდა ჩვენ? საქართველო - ევროპაში", - ისმის აქციაზე.

ქალთა მარში თბილისში
ქალთა მარში თბილისში

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარშის მონაწილეები პირველი რესპუბლიკიდან მოედნიდან მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ. წელს ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

ქალთა საპროტესტო მარში თბილისში
ქალთა საპროტესტო მარში თბილისში

"ამ დღეს სულ სხვა მარტი გვინდოდა, ქალების პრობლემებზე უნდა გვესაუბრა. მაგალითად - გაუპატიურების მუხლზე, რომელიც პრობლემურია საქართველოში, ქალების წინაშე არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე, მაგრამ მოღალატე ხელისუფლებამ ჩვენი მომავლის დაკარგვის წინაშე დაგვაყენა. მათ თავზე გადაგვახიეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. მათ უარი გვითხრეს ჩვენ არჩევანზე, რომელიც არის ევროკავშირში გაწევრიანება", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ორგანიზაცია "ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს" თანადირექტორი იდა ბახტურიძე.

ქალთა მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას იღებენ ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი.

აქტივისტი ქალების თქმით, ამ მხარდაჭერის დაკნინებითა და აკრძალვით მთლიანად საქართველოს მოსახლეობა ზიანდება.

"არ გვექნება უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი, ზრუნვაზე, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა, ვერ დავიცავთ თავს მოძალადეებისგან, არ გვექნება შრომის ელემენტარული პირობები, ბედის ანაბარად მიტოვებული ვრჩებით საზოგადოების უამრავი ჯგუფი - შშმ პირები, ქალები, ბავშვები, და ამ სავალალო მდგომარეობას არავინ გააშუქებს, რადგან არ იარსებებს დამოუკიდებელი და ეთიკური მედია!", - აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.

ქალთა მოძრაობის მანიფესტს ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lIPQY

XS
SM
MD
LG