ისტორიკოსი ბექა კობახიძე ფეისბუკზე ეხმაურება პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და წერს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ დასაწყისია - მისი თქმით, ე.წ. აგენტების კანონის მიღება საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ემსახურება.
„კიდევ უარესს მოიფიქრებენ, ოღონდ ევროპას ჩვენზე უარი ათქმევინონ. ამაზე არ გაჩერდებიან. შეხედეთ ბელარუსს, შეხედეთ რუსეთს, სადაც ზუსტად ასე დაიწყო განსხვავებული აზრის დევნა, და მიხვდებით სად მივყავართ. ყველას ინდივიდუალურად მოგვაკითხავენ, ვინც საქართველოში ვაპირებთ ცხოვრებას. გვაიძულებენ წავიდეთ ქვეყნიდან ან თბილად ჩავჯდეთ ჭაობში“, - წერს ბექა კობახიძე.
მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას სასუნთქად და საარსებოდ დასავლელი მეგობრების დახმარებაღა ჰქონდა დარჩენილი. ახლა კი ხელისუფლებას სურს, ესეც მოკლას და სრული მონოპოლია გაიფორმოს, ისე, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსშია:
„ყველაფერი ამის გათვალისწინებით, დღეს აქციის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება და გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. რაც უფრო შორს წავა ბრძოლა, ქვეყნისთვის უკეთესი“, - წერს ბექა კობახიძე.
სიტუაცია პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.
პარალელურად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.