დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კანონპროექტები ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვას საფუძველშივე ეწინააღმდეგება. ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს, "იმიტომ რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას და ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატოს ფარი. ამიტომ ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს ამ სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს, სხვადასხვა შეფასებით და რეფერენდუმებით, უნდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი", - ამბობს გამყრელიძე.
NCDC-ის ყოფილი დირექტორის თქმით, დარწმუნებულია იმაშიც, რომ გარკვეული ჯგუფის მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტართა უმრავლესობა არ დაამტკიცებს.
"ბევრს ვიცნობ "ქართულ ოცნებაში" და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიკავებენ თავს ამ კანონის მიღებისგან. თუ მიიღეს, თქვენთან ვეღარ ვილაპარაკებ, მეც აგენტი ვიქნები", - თქვა გამყრელიძემ აშშ-ის ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი ცერემონიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.
ბიუროს შეკრება, რომელზეც პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში კანონპროექტების შეტანის საკითხი უნდა გადაწყდეს, სამშაბათისთვის, 7 მარტისთვის გადაიდო.