Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი "აგენტების კანონზე:" იგივე გავლენა ექნება საქართველოზე, როგორიც მას რუსეთზე ჰქონდა, გააქრობს თავისუფალ აზრს


ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს მიაჩნია, რომ საქართველოში ინიცირებული კანონპროექტი უცხოელი აგენტების გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული "ფარას" მსგავსი არ არის და რომ ის რუსულის ანარეკლია. სენატორი ამბობს, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მან საქართველოში შეიძლება იგივე შედეგი მოიტანოს, როგორიც მას რუსეთში მოჰყვა - ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის გაქრობა.

სენატორმა შაჰინმა საქართველოში "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ილაპარაკა და შემაშფოთებელი უწოდა ამ ინიციატივას.

"ვფიქრობ, ეს კანონი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ კანონის შესახებ ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით მთავრობის ლიდერებთან, რომლებსაც შევხვდით. ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც. ეს კანონი საერთოდ არ ჰგავს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ იმ კანონს, რომელიც შეერთებულ შტატებში გვაქვს. წლების განმავლობაში მე ვმუშაობ ამ კანონის რეფორმაზე და ვიცი, რომ ეს იგივე არ არის" - თქვა მან. ქართული კანონის რუსულთან მსგავსების შესახებ შაჰინმა 2023 წლის დასაწყისში, საქართველოში ვიზიტისასაც ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის ამერიკული კანონის არსი, რომლის ზუსტი თარგმანიც შესთავაზეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილმა დეპუტატებმა საზოგადოებას ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტად მათ მიერ შექმნილ კანონთან ერთად, სენატორმა ასეთი პასუხი გასცა.

"ამერიკული კანონი მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ შეერთებული შტატების მთავრობაზე უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის არ ამბობს, რომ მათ მუშაობის საშუალება და ლობირების გაგრძელება არ შეუძლიათ. უბრალოდ ადამიანებმა უნდა იცოდნენ ვინ არიან ისინი და ვისთვის მუშაობენ. იგივე ხდება მედიასაშუალებების შემთხვევაშიც, როცა "არ-თის" [ყოფილი „რაშა თუდეი“] თუ ჩინურ ტელევიზიას მოეთხოვებათ, რომ დარეგისტრირდნენ, რათა მაყურებელმა იცოდეს ვინ უხდის მათ ფულს და ვის წარმოადგენენ ისინი. როგორც მე მესმის, კანონპროექტი საქართველოში საერთოდ არ არის "ფარას" მსგავსი.

ჩვენ შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც გამოხატეს რეალური შეშფოთება მათი ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც რიგით ადამიანებს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას უწევენ, რომლებიც დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დასაცავად მუშაობენ. როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, შეძლებენ თუ არა საქმიანობის გაგრძელებას, ამას რეალური გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე" - უთხრა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმას. ის საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ და შეხვდა როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს. სენატორი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლებას კვლავ სურს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ვერ უკავშირებენ მათ ქვეყანას რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ნაწილი და რომელიც სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში.

უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ორი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში დაწყებულია - ორმა კომიტეტმა 1 მარტს პროტესტისა და ხმაურის ფონზე პირველი მოსმენით დაუჭირა ორივე კანონპროექტს მხარი და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცა.

საკომიტეტო განხილვა 6 მარტს განახლდება პარლამენტში - საზოგადოება გეგმავს აქცია გამართოს პარლამენტთან ამ კანონპროექტების უკან გაწვევის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG