Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოური გავლენის აგენტებზე კანონპროექტი ჰგავს რუსულ კანონს - შაჰინი


სენატორების, ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის პრესკონფერენცია. თბილისი, 20 თებერვალი, 2023.
სენატორების, ჯინ შაჰინისა და დიკ დურბინის პრესკონფერენცია. თბილისი, 20 თებერვალი, 2023.

საქართველოში შემუშავებული კანონი არ არის აშშ-ში მოქმედი კანონის მსგავსი, ის ჰგავს რუსულ კანონს, ამბობს საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი.

„ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე“, - განაცხადა შაჰინმა სენატორ დიკ დურბინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

დურბინმა განაცხადა, რომ სენატორებს არ სურთ საქართველო წავიდეს ისეთი ქვეყნების როგორებიცაა რუსეთი, ვენესუელა და სხვები, რომლებმაც „დათრგუნეს, ან ხელი შეუშალეს ასეთ ორგანიზაციებს არსებობაში“.

„დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, იმისთვის, რომ ჰქონდეს ასეთი ელემენტები“, - თქვა მან და დაამატა, რომ ამ თემა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განიხილეს.

სენატორები საქართველოში მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს.

ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციურ და სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ ამბობს, რომ არ გამოდგება "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") დამცველად, თუმცა მეორე მხრივ, ის აღნიშნავს, რომ "უფრო რბილია", ვიდრე "მისი ამერიკული ვარიანტი".

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

XS
SM
MD
LG