Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანი


2 მარტს გამართულ აქციაზე პოლიცია აკავებს მოქალაქეს
2 მარტს გამართულ აქციაზე პოლიცია აკავებს მოქალაქეს

გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 29 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც რადიო თავისუფლებას მათ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში განუცხადეს, სასამართლო პროცესები ჯერ არ დანიშნულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ("ხალხის ძალის") მიერ ინიციირებული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციას დაავალდებულებს, გუშინ განიხილეს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. სწორედ ამ პროცესის გასაპროტესტებლად შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტების ნაწილი. ისმოდა შეძახილები - "მონა".

პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას ინიციირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.

კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG