"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმაურება 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტებს. ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცველებმა უნდა იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კონვენციური უფლებების პატივისცემით, არ გამოიყენონ არაპროპორციული ძალა, კერძოდ, დაკავება, როგორც უკიდურესი ფორმა, ასევე, უზრუნველყონ დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით შეუფერხებელი სარგებლობა.
„ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ (1984) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე წლებია ავიწროებს ადგილს შეკრებებისა და გამოხატვის უფლებით მოსარგებლე პირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს
- უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზება და ასევე ჟურნალისტების მიერ პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება.
- დაკავებულებს მისცეს მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, დროულად შეხვდნენ მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს და დაკავების შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
- შეისწავლოს მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების დაკავების/სავარაუდო დაზიანების ფაქტები და ჰქონდეს ჯეროვანი რეაგირება შეკრების / გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევაზე, როგორც ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის მსუსხავი ეფექტის მქონე პრაქტიკაზე.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის" რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი დააკავა.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე ადამიანია ადმინისტრაციული წესით დაკავებული.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.