Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი: მოლდოვის საზღვართან რუმინეთის ჯარების თავმოყრაზე ინფორმაცია რუსული "ყალბი ცნობების კამპანიაა"


რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ათეულობით ცნობა, რომ თითქოს ბუქარესტი ჯარებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს მოლდოვის საზღვარზე, არის „ყალბი ცნობების კამპანია“, რომელსაც კრემლი აწარმოებს შარშან თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ყველას შევახსენებთ, სენსაციებზე და პანიკის დათესვაზე გათვლილი ასეთი ინფორმაციის შემოწმების საუკეთესო საშუალებაა ოფიციალური წყაროების მოძიება“, - განაცხადა სამინისტრომ 28 თებერვალს.

მოლდოვა მდებარეობს ევროკავშირისა და ნატოს წევრ რუმინეთსა და უკრაინას შორის, რომელთანაც 1200-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს.

მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის 1000-ზე მეტი სამხედროა განლაგებული.

26 თებერვალს ტვიტერში გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც თითქოს გამოსახული იყო მოლდოვის საზღვრისკენ მიმავალი რუმინეთის ჯარი. ეს პოსტი შემდეგ რამდენიმე ასეულჯერ იქნა გაზიარებული.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კონსტანტინ შპანუმ უარყო ყველა ბრალდება და თქვა, რომ „რუმინეთის ძალებისა და საზენიტო სისტემების დისლოკაციაში არ მომხდარა არავითარი ცვლილება“.

გარდა ამისა სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები 2002 წლის 1 დეკემბერს იყო გადაღებული ქალაქ ალბა-იულიაში გამართულ აღლუმზე.

XS
SM
MD
LG