საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს თავის ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელი საშვები დაუშვეს იმ ადამიანებისთვის, ვინც აპროტესტებს აგენტებად რეგისტრაციის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს. პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ბოროტად იყენებენ მათთვის მინიჭებულ პრივილეგიას.
"ეს არაკოლეგიალურია, როდესაც სხვა კოლეგებს უნდა შეატევინო, შემოიყვანო ადამიანები შენობაში იმისთვის, რომ შეუტიონ შენს კოლეგებს, შეიძლება შეურაცხყოფაც მიაყენონ. ეს არ არის სწორი... თუკი ჩვენ თვითონ არ ვეცით პატივი ჩვენს მანდატს, ჩვენი მოქალაქეები ამას ვერ აღიქვამენ.
მინდა მკაფიოდ განვაცხადო, პარლამენტის შენობა აქციების მოწყობის ადგილი არ არის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ბიუროს სხდომის დაწყებამდე დაშვებული საშვების გაუქმებაზე პრეტენზია პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გამოთქვა. მან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს რუსული კანონი უწოდა.
"პროტესტი გასაგებია, გამოხატონ, მაგრამ დაორგანიზება, ხალხის შემოყვანა ორგანიზებულად იმისთვის, რომ შენს კოლეგებს ჩაუტარონ აქციები... დავაკვირდები, რომ ეს პრაქტიკა აღარ განმეორდეს", - თქვა პაპუაშვილმა.
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ გაიმართა ჟურნალისტების აქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად.
ახლა ამ კანონის არსია, რომ გაგვაშავონ და დაგვარქვან "უცხოური გავლენის აგენტი", არადა, არაფერს არ ვაკეთებთ იმის გარდა, რომ ხალხს ინფორმაცია მივაწოდოთ და ხელისუფლების სახე დავანახოთ. ახლა ჩვენ და მოსახლეობა ვართ სამიზნეში. უნდათ, არ ჰქონდეთ ინფორმაცია", - თქვა "სტუდია მონიტორის" ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა, რომლის ორგანიზაციასაც არაერთი ჟურნალისტური გამოძიება აქვს ჩატარებული ხელისუფლების შესახებ.
პარლამენტში ჟურნალისტების ამ აქციაზე მისვლა სურდათ სამოქალაქო აქტივისტებსაც. როგორც გაირკვა, მათ საშვები გაუუქმეს. მათ შესაყვანად საშვთა ბიუროსთან მივიდა ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს პარლამენტში მოქალაქეების შეყვანის შესაძლებლობა.
კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".