Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, "ნედ პრაისს მოატყუებინეს", "ხალხის ძალის" კანონპროექტი რუსული არ არის


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იტყუება ყველა, ვინც "ხალხის ძალის" კანონპროექტს ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ") რუსულს უწოდებს. იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ამ კანონპროექტს მათ წინააღმდეგ მიმართულად აფასებენ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი კოლეგების მიერ ინიციირებული კანონპროექტი უფრო "დახვეწილია", ვიდრე ამერიკული.

"ამბობდნენ, რომ ქართული კანონპროექტი იყო რუსული, რაც იყო ჩვეულებრივი ტყუილი. ვინც ამას ამბობდა და ამბობს, ჩვეულებრივად იტყუება. ახლა ამერიკულის ასლია წარმოდგენილი, ამასაც რუსულს ეძახიან. ეს უკვე ტყუილზე მეტია.

ვინც ამბობს, რომ პირველი ვერსია არის რუსული, იტყუება. [ნედ პრაისს] მოატყუებინეს, შეცდომაში შეიყვანეს, მიუტანეს არასწორი ინფორმაცია და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი.

გვარებზე არ ჩავალ. ვინც ამბობს, რომ დაინიცირებული კანონპროექტი არის რუსული, ის იტყუება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია. ამის შესახებ 15 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

XS
SM
MD
LG