Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაყიშვილი და „თქმულება შოთა რუსთაველზე“


დიმიტრი არაყიშვილი
დიმიტრი არაყიშვილი

2023 წელი დიმიტრი არაყიშვილის საიუბილეო წელია, 23 თებერვალს კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა.

დიმიტრი არაყიშვილი 1873 წლის 23 თებერვალს დაიბადა. გარდა იმისა, რომ მოსკოვის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, დაამთავრა არქეოლოგიური ინსტიტუტიც, ოქროს მედალზე. მოსკოვში ყოფნისას არბატის ღარიბი მოსწავლეებისთვის სამუსიკო კურსები დააარსა, ჟურნალი გამოუშვა და ოცამდე სამუსიკო ნაწარმოები დაწერა. ცდილობდა, ქართულ მუსიკა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოესმინა.

1921 წელს თბილისში მეორე კონსერვატორია დააარსა და მოგვიანებით პირველს მიუერთა. 1926-1929 წლებში ორივე კონსერვატორიის ხან დირექტორი იყო, ხან კათედრის გამგე, ხან ფაკულტეტის დეკანი.

„დიმიტრი არაყიშვილი ფაქტობრივად ქართული ფოლკლორისტიკის ფუძემდებელია. არაერთი ექსპედიცია ჩაატარა, რომ ფოლკლორის ნიმუშები შეეგროვებინა და ჩაეწერა. 70-ზე მეტი რომანსი აქვს შექმნილი“, - ამბობს მუსიკათმცოდნე მარინა ქავთარაძე.

დიმიტრი არაყიშვილის ჟანრი კამერულ-ვოკალური ლირიკა იყო, ძირითადად წერდა კლასიკურ რომანსებს, აქვს ოპერებიც, მათგან ყველაზე გამორჩეული - „თქმულება შოთა რუსთაველზე“, რომელიც 1919 წელს დაიდგა. მუსიკათმცოდნეები ამბობენ, რომ ამ ოპერას სუსტი წერტილი ჰქონდა - ლიბრეტო, ამის გამო რამდენჯერმე გადააკეთეს. თუმცა, მუსიკა ყველას მოსწონდა და ოპერაც წლების განმავლობაში იყო პოპულარული. ის უკანასკნელად 1966 წელს დადგეს. მას შემდეგ თაობები ისე გაიზარდა, ეს ოპერა სცენაზე აღარავის უნახავს.

„მუსიკა შესანიშნავია, მისი დადგმა ისე, რომ მსმენელი ჰყავდეს და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს მის ოქროს ფონდს რა წარმოადგენს, რთული არ არის. 1966 წლის დადგმიდან მხოლოდ აუდიოჩანაწერია შემორჩენილი, რომლის შემსრულებლების გაშიფვრაც კი გაჭირდა“, - ამბობს მარინა ქავთარაძე.

შემსრულებლების ძებნაში მუსიკათმცოდნეებს შემთხვევით ნაპოვნი ძველი აფიშა და ანზორ შომახია დაეხმარათ. ის 28 წლის იყო, როდესაც ამ ოპერაში ავაგ ერისთავის პარტია იმღერა.

„მადლობა ღმერთს, ძლივს მარტო დავრჩი, რა ტკბილია სიყვარული“... ასე იწყება შეყვარებული ავაგის არია. ავაგი სცენაზე ლიბრეტოს მორიგი ცვლილების შემდეგ გამოჩნდა, მანამდე ის აბდულ არაბი „იყო“, იმავე არიით და განსხვავებული ფუნქციით.

„ავაგით ჩაანაცვლეს აბდულ არაბის პერსონაჟი. პირველ რედაქციაში არაყიშვილს ცოტა უხერხულად გამოუვიდა, ვითომ თამარი ჰყვარობდა აბდულ არაბს. სად არის ისტორიაში მსგავსი რამ? ბოლო ვერსიაში ეს შეიცვალა. თამარის პარტიას ელზა გარსევანიშვილი ასრულებდა, შოთასას - ანზორ გოგოლაშვილი. მაშინ მთავრობის ხარჯზე ბორჯომში გაგვაგზავნეს, იქ თან ვისვენებდით და თან ოპერაზე ვმუშაობდით“, - იხსენებს ანზორ შომახია.

ოპერის ლიბრეტომ მისი ბოლო ვარიანტის ავტორი კარლო კალაძეც გააწამა. სცენარის მიხედვით, ინტრიგებით გატანჯული შოთა რუსთაველი საქართველოს ტოვებს და იერუსალიმში მიდის. მანამდე თამარ მეფეს საზეიმოდ მიართმევს „ვეფხისტყაოსანს“. რა უნდა ეთქვა თამარ მეფეს პასუხად?.. მწერალმა ვერაფრით მოიფიქრა. ამის გამო ერთი-ორი დღით რეპეტიციებიც კი გაჩერდა.

„შუაღამეა, ვწევართ, გვძინავს და მოვარდა კარლო კალაძე, მივხვდი, მივხვდი, გავიგე, რესტორანში ჩქარაო“, - იხსენებს ანზორ შომახია. თამარი შოთას ეუბნება: „დიდი დრო მზესაც არა აქვს ზეცაზე დაბრძანებისა“. ეს იყო ფრაზა, რომელსაც იმ ღამით კარლო კალაძე „მიხვდა“. ამის შემდეგ რეპეტიციები ისევ განახლდა.

„ბორის გოდუნოვის ოთხი რედაქცია არსებობს. ხომ შეიძლება ჩვენი, ქართული ოპერები, იგივე ლაღიძის ოპერები, კაკო ანდრიაშვილის ოპერები, ახალი რედაქციებით გაკეთდეს. რაღაც ნაკლი იმ რედაქციებს აქვს, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს“, - ამბობს ანზორ შომახია.

მართალია, მთლიანად ოპერა არა, მაგრამ არიები ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“ დღესაც სრულდება, გაცილებით პოპულარულია რომანსები.

„საოცარი მელოდიურობა აქვს. ჩვენი კლასიკური რომანსების უმეტესობა დიმიტრი არაყიშვილისაა. არ არსებობს გალა-კონცერტი, რომ არაყიშვილის რომელიმე რომანსი არ შესრულდეს ან არია ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“, თამარ მეფის არია იქნება ეს თუ მგოსნის არია, თუ აბდულ არაბისა და რუსუდანის დუეტი, ასევე ამ ოპერიდან ძალიან ცნობილია „ურმული“, - ამბობს ოპერის მომღერალი ელდარ გეწაძე, რომელიც არაყიშვილის მუსიკის ერთ-ერთი შემსრულებელია.

დიმიტრი არაყიშვილი
დიმიტრი არაყიშვილი

თბილისის კონსერვატორიამ და ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა გადაწყვიტა საუბილეოდ ამ ოპერის ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი გამოეცა.

„ბედმა ისე განკარგა, რომ ამ ოპერის არც კლავირი და არც პარტიტურა გამოცემული არ არის. ეს არის ლიბრეტოს მესამე რედაქცია. ის 1953 წელს ბატონ დიმიტრის გაფორმებული, მშვენიერ ყდაში ჩასმული მიართვეს. ხელნაწერი დღემდე ინახებოდა მისი მემკვიდრის ოჯახში“, - ამბობს მარინა ქავთარაძე.

დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წლის 13 აგვისტოს, 80 წლისა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG