Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლო: ბაქომ უნდა უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფანში


მართლმსაფულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
მართლმსაფულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

ოთხშაბათს გაეროს უმაღლესმა სასამართლო ორგანომ, მართლმსაფულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ჰააგაში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აზერბაიჯანს ავალდებულებს, ლაჩინის დერეფანში უზრუნველყოს შეუფერხებელი მოძრაობა. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. დერეფანი დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ არის ჩაკეტილი, რამაც სერიოზულად გააუარესა ჰუმანიტარული ვითარება თვითგამოცხადებული სომხური ადმინისტრაციის კონტროლქვეშ მყოფ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

ჰააგის სასამართლოს სხდომა მიეძღვნა სომხეთის სარჩელს აზერბაიჯანის წინააღმდეგ და, ამავე დროს, აზერბაიჯანის ასეთსავე სარჩელს სომხეთის წინააღმდეგ. სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სარჩელი სასამართლომ არ განიხილა, სომხეთისა კი დააკმაყოფილა იმ ნაწილში, რომელიც ლაჩინის დერეფნის გახსნას ეხება. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სომხეთის თხოვნა რეგიონში ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. მოსამართლეთა აზრით, სომხეთის მხარეს საკმარისი მონაცემები არ წარმოუდგენია იმის დასამტკიცებლად, რომ აზერბაიჯანი გაზის მიწოდებას აბრკოლებს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ლაჩინის რაიონი ბაქოს კონტროლქვეშ დაბრუნდა, დერეფანს კი რუსეთის სამშვიდობო ძალები უწევენ მეთვალყურეობას.

დეკემბერში დერეფანი აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა გადაკეტეს. აზერბაიჯანის მხარის თანახმად, ეს არიან ეკოლოგები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სომხური ხელისუფლება უკანონოდ მოიპოვებს ბუნებრივ რესურსებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

ერევანი აცხადებს, რომ ლაჩინის ჩაკეტვის შემდეგ შეწყდა მთიან ყარაბაღში სურსათისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიწოდება, რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზეა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის სამშვიდობო ძალებს უმოქმედობაში დასდო ბრალი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევანს განგებ შეჰყავს შეცდომაში საერთაშორისო პარტნიორები, რათა განაგრძოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქმიანობა.

XS
SM
MD
LG