და როგორი იქნება „ახალი ევროპა“ ომის დამთავრების შემდეგ? იქცევა უკრაინის ტრაგედიის დაკნინების მცდელობა დასავლური ცივილიზებული საჯარო სივრციდან გარიყვის იმპერატიულ პირობად, ისე, როგორც დღეს ეს შოას (ჰოლოკოსტის) შემთხვევაში გვაქვს? ეს უკვე ასეა - დღეს თითოეული ახლად არჩეული დასავლელი სახელმწიფო ლიდერი თავის პირველ საერთაშორისო ვიზიტს არა ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან ან ბერლინიდან, არამედ ბუჩიდან იწყებს.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დასავლეთის ერებს შორის დაიწყება დისკუსია, ვინ უფრო მეტი დახმარება გაუწია უკრაინას. ეს კამათი ძალიან დაემსგავსება თანამედროვე ევროპული ერის მშენებლობის (nation-building) პროცესში მიმდინარე დებატებს, თუ რომელმა ერმა მეტი ებრაელი გადაარჩინა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ შეჯიბრიდან მთავარი დამარცხებული გერმანია გამოვა და ევროკავშირში მისი მდგომარეობა უფრო შესუსტდება.
გერმანია, რომელსაც მძიმე ტვირთად აწევს ნაცისტური წარსული, რისკავს, კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი თავის დისკრედიტაცია უკრაინისთვის იარაღის წვეთ-წვეთად მიწოდების გამო. კონვენციური თეორიის მიხედვით, ეს გერმანული ორჭოფობა დაკავშირებულია მის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებთან. მაგრამ ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, გერმანიას კიდევ უფრო დიდი ვალი ექნებოდა უკრაინის, ვიდრე რუსეთის მიმართ.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის ყველაზე დიდი სპეციალისტი ამ გერმანულ ორჭოფობას ხსნის ვილი ბრანდტის და ჰელმუტ შმიდტის ე.წ. Ostpolitik-ით (აღმოსავლეთის პოლიტიკით), რომლის დროსაც ისინი სტალინურ-ბრეჟნევული პროპაგანდის მსხვერპლი გახდნენ. იმ პროპაგანდისა, რომლის მიხედვითაც, ებრაელების შემდეგ ნაციზმის მთავარი მსხვერპლი რუსები (და არა უკრაინელები ან ბელორუსები) იყვნენ.
არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ვარაუდი: 1981 წლის აპრილში, ელ-რიადიდან დაბრუნებული დასავლეთ გერმანიის კანცლერ ჰელმუტ შმიდტის გადაწყვეტილება, ისრაელის მოსისხლე მტრის, საუდის არაბეთისთვის, ასობით ტანკი Leopard 2 მიეყიდა, თელ-ავივში ღრმა აღშფოთებას გამოიწვევს. ისრაელის რეაქციაზე განრისხებული შმიდტი მაშინ განაცხადებს, რომ „გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღარასდროს უნდა იყოს აუშვიცის მძევალი“. დავამატებ, რომ იმ პერიოდში, გერმანიაში ნავთობის იმპორტის თითქმის მესამედი საუდის არაბეთის წარმოშობისა იყო...
გერმანული მერკანტილური პოლიტიკა ჰელმუტ შმიდტთან ერთად არ გამქრალა. პირიქით, მისი მემკვიდრეები შმიდტზე ბევრად უფრო შორს წავიდნენ. თუ გერჰარდ შრიოდერი (ყოფილი კანცლერი და ყოფილი Nord Stream-ისა და Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) ამ პოლიტიკის კარიკატურული სიმბოლოა, ანგელა მერკელი მის რესპექტაბელურ ფრთას წარმოადგენს.
საქართველოსთან ომის შემდეგ, როდესაც პუტინი თავისი არმიის რეფორმირებას გადაწყვეტს, კრემლი სწორედ გერმანელებთან მოაწერს ხელს 100-მილიონიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, Rheinmetall-ს რუსებისათვის ბრძოლის სიმულირების სისტემა უნდა მიეწოდებინა (საბოლოოდ, ვაშინგტონის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კონტრაქტის 95% იქნება შესრულებული).
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ბარაკ ობამას შეატყობინა, რომ პუტინმა რეალობასთან კავშირი დაკარგა. გერმანიის კანცლერის თქმით, „ის სხვა სამყაროში ცხოვრობდა“. მიუხედავად ამ დასკვნისა, მერკელი მიზანმიმართულად გააგრძელებს რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდას - Nord Stream 2-ს 2015 წლის ივნისში, აღმოსავლეთ უკრაინაში გაგანია ომის დროს, მოეწერა ხელი.
2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, მერკელი უარს განაცხადებს, შეუერთდეს ამერიკის მიერ რუსეთისავის დაწესებულ სანქციებს (მხოლოდ რუსების მიერ MH-17 რეისის ჩამოგდებისა და 298 ადამიანის დაღუპვის შემდეგ იქნება იძულებული გერმანია, კრემლის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს).
შტაინმაიერი, გერმანიის დღევანდელი პრეზიდენტი, რომელიც 2016 წელს აღმოსავლეთის ფლანგზე წვრთნების ჩატარების გამო ნატოს ადანაშაულებდა „იარაღის ჟღარუნსა და ომის გაღვივებაში“, 24 თებერვლის დილამდე არწმუნებდა მთელ მსოფლიოს, რომ გერმანიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება კრემლთან ხიდების ასაგებად უნდა გამოიყენოს (ის, რომ ბერლინის მოსკოვზე ენერგოდამოკიდებულება შეცდომა იყო, ეს უკვე აღიარა შტაინმაიერმა. საინტერესოა, იმას თუ ხვდება გერმანიის პრეზიდენტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი უძლურების ფონზე ნატო რჩება უსაფრთხოების და მშვიდობის ერთადერთ გარანტად მსოფლიოში).
უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიას ბევრი მამინაცვალი და ერთი მამა ჰყავს. მამინაცვალთა შორის არიან როგორც აშშ-ის, ისე ევროპის ლიდერები. მაგრამ მამა არ უნდა აგვერიოს მამინაცვალში: არავის იმხელა ბრალი არ მიუძღვის, როგორც გერმანიას.
ასე რომ, როცა მიუნხენში (სხვაგან ვერც მოხდება) „დაშოშმინების პოლიტიკის“ პანთეონს გახსნიან, იქ ნევილ ჩემბერლენთან ერთად, გერმანელ რამდენიმე როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ სახელმწიფოს მეთაურსაც მიუჩენენ ადგილს.