Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air-ის მგზავრი: გვითხრეს, რომ პილოტის გადაწყვეტილებით არ აგვიშვეს თვითმფრინავში


მგზავრების მოსაცდელი სივრცე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
მგზავრების მოსაცდელი სივრცე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც გაფრინდა თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინში 17 თებერვალს. ბაკურაძემ რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის.

ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით თვითმფრინავი დაახლოებით 90 მგზავრით გაფრინდა.

"მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალი უნდა გამეშუქებინა. დღეს უკვე უნდა მქონოდა გადაცემაში ჩართვა... მე თუ ვერ ჩავალ ბერლინში, ყველაფერი ჩამეშლება", - ამბობს ტელეწამყვანი.

ის ფიქრობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი პრობლემები, რომლის შესახებაც მგზავრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ავიაკომპანიას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, არ გაითვალისწინეს.

"რიკოთის უღელტეხილზე იყო თოვლი, მანქანები ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდნენ და ყველა გაიჭედა - თითქმის გაჩერებულები ვიყავით სამი საათი... [ავიაკომპანიას და აეროპორტს] ვეუბნებოდით, რომ ასეთი ამბავი იყო და მივდიოდით. ზესტაფონს დაახლოებით 05:00 საათზე გამოვცდით, მძღოლმა იმარჯვა და 05:39 საათზე შემოვდგით ფეხი აეროპორტში", - იხსენებს მარიკა ბაკურაძე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

მისი თქმით, ამ დაგვიანების მიუხედავად, ავტობუსმა მგზავრების მიყვანა აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენამდე საათი და 20 წუთით ადრე შეძლო, რაც შესაბამისად დახვედრის შემთხვევაში, საკმარისი უნდა ყოფილიყო დაჩქარებული რეგისტრაციის გასავლელად.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

"ჩასხდომის ბარათებით ვიყავით მისულები. აეროპორტში გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის დაკეტილი იყო რეგისტრაცია და ვერ მიგვიღებდნენ - ვხედავდით, რომ ბერლინის მგზავრები, ვისაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა, ისევ მოსაცდელში ისხდნენ.

საათი და 20 წუთი დაგვაკარგინეს ჩხუბში - დრო, რაც გვეყოფოდა რეგისტრაციისთვის. ჩვენს თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი.

ჩვენ პრეტენზია აეროპორტთან გვაქვს - ისინი ამბობენ, რომ ვერაფერს წყვეტენ Wizz Air-ის ​გარეშე - მათ შეუთანხმეს. პილოტს აბრალებენ - მისი გადაწყვეტილებით, ვინც რეგისტრაციაზე დააგვიანა თუნდაც 3 წუთი, ვერ მიიღებდა. ეს ხომ არ იყო ერთი ადამიანის ჩაძინება, 87 ადამიანი აგვიანებდა?!" - ამბობს ქუთაისში დარჩენილი Wizz Air-ის მგზავრი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

ავიაკომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განმარტება, რატომ არ დაელოდა ქუთაისი-ბერლინის რეისის ეკიპაჟი დაგვიანებულ მგზავრებს. განსხვავებულად მოიქცა ავიაკომპანია ქუთაისი - ათენის შემთხვევაში, რეისი დაგვიანებით შესრულდა.

დღეს, 17 თებერვალს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში.

XS
SM
MD
LG