უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი სამხედრო დახმარება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე. მან პირობა დადო, რომ მოკავშირეები მზად არიან, გრძელვადიანი პერსპექტივით დაეხმარონ უკრაინას.
პენტაგონის ხელმძღვანელმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა მთელი მსოფლიოსთვის არის გამოცდა.
ამასთან, ოსტინმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ავიაციას უყრის თავს მსხვილი იერიშის განსახორციელებლად. მაგრამ დასძინა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება.
ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოსტინმა განაცხადა, რომ კოლეგებთან ითათბირა ასევე „უკრაინის ანგარიშვალდებულებების“ შესახებ, რათა მოკავშირეები დარწმუნებული იყვნენ სამხედრო დახმარების სწორად გამოყენებაში.
გარდა ამისა ვაშინგტონი მოელის, რომ გაზაფხულზე უკრაინა კონტრიერიშზე გადავა.
შეხვედრის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში ბერლინი კიევს გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს კიდევ ორ ერთეულს. მთლიანობაში გერმანია უკრაინას დაჰპირდა, რომ ოთხ ასეთ სისტემას გადასცემს. მათგან ერთი ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე არის უკრაინის არმიის შეიარაღებაში.