Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EU-ს ელჩი რუსეთთან ფრენებზე: საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორი ურთიერთობა ექნება რუსეთთან. თუმცა ის "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პოზიცია ევროკავშირთან თანხვედრაში უნდა იყოს.

"უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია", - ამბობს ელჩი.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის სანქციებით, გავლენა მოახდინოს რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებებზე, რათა შეაჩერონ უკრაინაში ომი.

ჟურნალისტმა პაველ ჰერჩინსკის ასევე ჰკითხა, რას ფიქრობდა, რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შექება მისთვის, რაზეც ელჩმა ასე უპასუხა:

"ქართველები რუსებს ძალიან კარგად იცნობენ. მე არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არ ექვემდებარება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს, არ მჭირდება არც იმის შეხსენება, რომ რუსეთის ჯარი არის განთავსებული დედაქალაქიდან 40 კილომეტრში. შესაბამისად, ცხადია, რომ ეს არის საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ჩამოგდების კლასიკური გზა. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მისწრაფებებისთვის ხელის შეშლის, გადადების ან კურსიდან გადახვევის. სულაც არ მიკვირს, რადგან ეს არის რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კლასიკური მაგალითი".

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

პუტინის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები. საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება და საპროტესტო აქცია გამოიწვია პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობამ და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებამ.

პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური რამდენიმე დღის წინ გახდა, როცა ქართულენოვანი პრორუსული მედიის “ალტ-ინფოს” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების "ვაჟკაცობა" შეაქო საკუთარი “ეკონომიკური ინტერესებით” ხელმძღვანელობის გამო.

მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთთან, ფრენების აღდგენის წინააღმდეგია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

XS
SM
MD
LG