ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სთხოვენ, კვალიფიკაცია შეეცვალოს მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროს ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის საკითხის მოლაპარაკებით მოგვარებას.
ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
განცხადების ხელმომწერები წერენ, რომ ამ ფაქტმა დაბნეულობა გამოიწვია, რამდენადაც ფორმალურად დაირღვა ექსპოზიციის რეგლამენტი, რადგან საკუთარი ნამუშევრის ამგვარი ცვლილება კურატორთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„მხატვარი არ შეხებია სხვა ნამუშევარს, არ დაუზიანებია არაფერი და არავინ, ტექსტის შინაარსი ზოგადი და ფილოსოფიური სლოგანია, ის არავისთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი არ არის. მოულოდნელობის ეფექტის ფონზე გალერეის ადმინისტრაციამ გამოიძახა პატრული და დაიწყო სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება“, - განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ წარწერის ფაქტი და თვითონ ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის მოულოდნელი ცვლილება ვერანაირად ვერ კვალიფიცირდება ვანდალიზმად, რამდენადაც ზიანი მას არავისთვის მიუყენებია.
„ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლება არის მთავარი ღირებულება, რომელსაც ითვალისწინებს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მსოფლმხედველობა და ამ თავისუფლების შეზღუდვა არის ტოტალიტარული რეჟიმების სახასიათო ნიშანი. არსებული რეალობის გათვალისწინებით, გთხოვთ, კვალიფიკაცია შეუცვალოთ სანდრო სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს და მხარი დაუჭიროთ საკითხის გარკვევას მოლაპარაკების ფორმატში ხელოვანსა და გალერეის ადმინისტრაციას შორის“, - წერია სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებაში.
ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.