Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 ათას ადამიანს გადააჭარბა


მიწისძვრა თურქეთში, მაშველები ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ
მიწისძვრა თურქეთში, მაშველები ნანგრევებში დაკარგულებს ეძებენ

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 23 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა: თურქეთში 20 ათასზე მეტი, სირიაში 3 500-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

სააგენტო როიტერის გამოთვლით, დაღუპულთა რაოდენობით ეს მიწისძვრა უკვე მეშვიდეა 21-ე საუკუნის სტიქიურ უბედურებებს შორის.

ამ დროის მონაცემებით, ათიათასობით ადამიანი დაშავდა, ასობით ათასმა დაკარგა საცხოვრებელი.

უცნობია დაღუპული და დაშავებული ცხოველების რიცხვი. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა თავიანთი გუნდები გაგზავნეს დაზარალებულ რაიონებში, რათა დაეხმარონ თავშესაფრებსა და უსახლკაროდ დარჩენილ ცხოველებს. გადარჩენილი ცხოველები, რომელთაგან ბევრი დაშავდა და შოკში იყო, ქუჩაში წყლისა და საკვების გარეშე აღმოჩნდნენ.

თურქეთში სერიოზულ პრეტენზიებს უყენებენ ხელისუფლებასა და სამშენებლო კომპანებს. მიიჩნევა, რომ სეისმურად აქტიურ ზონებში მრავალსართულიანი შენობების აშენებისას ისინი არ იცავდნენ სამშენებლო სტანდარტებს.

კრიტიკა ასევე მიმართულია ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოანის მიმართ დახმარების მიწოდების შეფერხებისა და სამაშველო ოპერაციების დაგვიანებით დაწყების გამო.

ერდოანმა აღიარა „გარკვეული პრობლემები იყო“, მაგრამ ახლა, მისი თქმით, სიტუაცია კონტროლდება.

სააგენტო Fitch Ratings-ის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთის ეკონომიკური ზარალი 4 მილიარდ დოლარს აღწევს.

სირიის ჩრდილოეთით, მიწისძვრიდან მხოლოდ მეოთხე დღეს მიაღწია ჰუმანიტარული დახმარების პირველმა კოლონამ. მაშველები ამბობენ, რომ აქ სულ მცირე 1900 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ამძაფრებს ვითარებას. ქვეყანას აკლია სამშენებლო ტექნიკა და ნავთობი. აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები სირიის წინააღმდეგ არ იმოქმედებს ტრანზაქციებზე, რომლებიც დაკავშირებულია მიწისძვრასთან.

7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიის რამდენიმე რეგიონში 6 თებერვალს ღამით მოხდა. თურქეთში 12 თებერვლამდე გლოვაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG