საქართველო თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში აგზავნის კიდევ 40 მეხანძრე-მაშველს. ისინი შეუერთდებიან 60 ქართველ მაშველს, რომლებიც თურქეთში 6 თებერვალს გაემგზავრნენ და მიწისძვრით დაზიანებულ ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდნენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში და ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქეთში მაშველები გაგზავნა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ.
ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრამ იმსხვერპლა 5 894 ადამიანის სიცოცხლე. დაშავებულია - 34 810. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დანგრეულია 5 775 შენობა.
მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2030-ზე მეტი ადამიანი.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
8 თებერვლის დილის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ თურქეთში დაღუპულთა შორისაა საქართველოს 2 მოქალაქე.