სავარაუდოდ, დაკავებულია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავები 2020 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს.
შსს-ში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურეს. ზუგდიდში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.
შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით - ტერორისტული აქტი, მძევლების აყვანა ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.