"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების დეტალები არ იცის და იცის მხოლოდ ის, რომ იგი სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს, ამჟამად კი ქუთაისის N2 დაწესებულებაში გადაჰყავთ.
"როდის და რა ვითარებაში დააკავეს, ჩემთვის უცნობია. შემდეგ ველაპარაკე პროკურორს. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მასთან ლაპარაკში გავარკვიე, რომ ისიც არ იყო საქმის კურსში. შემდეგ როგორც გავარკვიე, დაუკავებიათ სოფელ ჯიხაშკარში და ამჟამად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს გადაჰყავთ ქუთაისის N2 დაწესებულებაში", - ამბობს ჯანაშია და ამატებს, რომ დღის ბოლოს გეგმავს დაკავებულთან შეხვედრას, ასევე ელოდება ესებუას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას.
ჟურნალისტებთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს ესებუას ოჯახი. ტარიელ ესებუამ რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ თავისი შვილის დაკავების შესახებ არაფერი იცოდა და "ტელევიზორიდან გაიგო".
2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა.
განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:
"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".
შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".
შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.