"სტრატეგის აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მათი პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. მანჯგალაძე ამბობს, რომ მანდატების დატოვება "დროის საკითხია" და მანამდე სურს, საერთო ოპოზიციური ფრონტი შეიქმნას.
"ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას, ანუ ბოიკოტში გავდივართ იმ დრომდე, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმება შედგეს, საერთო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. თუ ასეთი შეთანხმება არ შედგება, "სტრატეგია აღმაშენებელი" უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს "ქართულ ოცნებასთან" წინააღმდეგობის ფორმები. ჩვენ მომხრე ვართ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის. რაც შეეხება მანდატებს, ეს დროის საკითხია, უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური კრიზისის შექმნას, რათა ხელისუფლება წამოვიდეს კომპრომისზე", - თქვა მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
გუშინ, 6 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობა, ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას:
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას. ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას, ელჩებთან და ამ კონკრეტული კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი „რუსულ ოცნებაზე“, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის".
ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვაში მონაწილეობას და "ქართულ ოცნებასთან" რაღაც თამაშებში შეყოლას.
"ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.