მხარეების ბოლო გამოსვლა სამ საათს გაგრძელდა და მოსამართლემ გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლის გარეშე გამოაცხადა.
"ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე... საკითხი, რომელსაც ვიხილავთ, უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით, სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში, კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს...", - მოსამართლე არევაძის ამ სიტყვებს დარბაზში მცირე არეულობა და ხმაური მოჰყვა. "სამარცხვინო გადაწყვეტილება გამოიტანეთ, ბატონო მოსამართლე", - ყვიროდნენ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები.
საბოლოო გადაწყვეტილებას წინ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისა და სააკაშვილის ადვოკატების დასკვნითი სიტყვები უძღოდა.
დასკვნითი სიტყვის ბოლოს ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მიმართა:
"ამ დარბაზში წყდება არა მხოლოდ ბატონ სააკაშვილის საკითხი, არამედ საქართველოს მომავალი. ამ საქმეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული - საქართველო. წარმოუდგენელია ვეფხისტყაოსანის ერს პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს, ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, უნდა ვიყოთ მიმტევებლები, ჰუმანურები, უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს ძიება, სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება. ბატონო მოსამართლე, თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ ისტორიული როლი ითამაშოთ და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას, მე-3 პრეზიდენტის გადარჩენა თქვენს ხელთაა".
ადვოკატების შუამდგომლობა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადება/გათავისუფლებაზე, ცენტრ "ემპათიის" სამედიცინო დასკვნას ეყრდნობოდა. დასკვნის მომზადებაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართული იყვნენ გერმანელი, ამერიკელი, ბრიტანელი და შვეიცარიელი ექიმები.
ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ პატიმარ ყოფილ პრეზიდენტს შემდეგი დაავადებები აქვს: "ფსიქიკური აშლილობა - დაუზუსტებელი დემენცია; ნერვული სისტემების დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება - შეწოვის ფუნქციის გამოხატული მოშლა, კახექსიით" - და ამას ადასტურებენ ექსპერტიზაში მონაწილე სპეციალისტები.
ეს დაავადებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს.
ხაჭაპურიძემ სასამართლოს ასევე შეახსენა, რომ 2021 წლის 16 ნოემბერს ომბუდსმენმა შექმნა საექსპერტო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბერს გამოაქვეყნა მორიგი დასკვნა, რომელიც ასევე ადასტურებს სასჯელის გადავადების საფუძველს, შემდეგი დიაგნოზების მითითებით: კახექსია, ყოველდღიური ცხელება, ანორექსია, ასთენია, ანემია, პოლინეიროპათია, ორთოსტატიული ჰიპერტენზია, კოგნიტური გაუარესება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, არაიდენტიფიცირებული დემენცია, განვითარებული ახალგაზრდა ასაკში.
"სახალხო დამცველის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში მას ჩაუტარდა ყველა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა, მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.
"ემპათიის" დასკვნა და სახალხო დამცველის დასკვნა არცერთ ნაწილში არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ", - თქვა ხაჭაპურიძემ და გააკრიტიკა კიდევ ერთი, სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია და უარყვეს "ემპათიის" დიაგნოზები.
შალვა ხაჭაპურიძემ ხაზი გაუსვა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუკითხავს სამხარაულის დასკვნის ის ექსპერტები, რომლებმაც გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე იმსჯელეს, მათ შორის, გასტროენტეროლოგი ნანა კეკელიძე. პენიტენციურმა სამსახურმა მის დაკითხვაზე თავად თქვა უარი.
"[სამხარაულის] ექსპერტი ეკა ჩავლეიშვილი 3 თებერვალს გამოიკითხა. მის მიერ პასუხგაუცემელი კითხვების სიმრავლე ადასტურებს, რომ არ იცნობს საქმის მასალებს, მან თავად განაცხადა, რომ იგი არაა გასტროენტეროლოგი და გასტროენტეროლოგის კონსულტაციებს დაეყრდნო. შესაბამისად, მისი დასკვნები იყო ზედაპირული, არარელევანტური, არადამაჯერებელი და უსაფუძვლო".
ადვოკატმა სასამართლოს უთხრა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სამედიცინო არგუმენტებით დაუპირისპირდებოდა დაცვის მხარეს.
"მოწინააღმდეგე მხარე დაცვას არ შედავებია არსებითად პენიტენციური სამსახურისა და "ვივამედის" პერსონალის გამოკითხვით.
სასამართლოს არ მიეცა კლინიკის პერსონალის გამოკითვის შესაძლებლობა", - ხაჭაპურიძე ასევე შეეხო მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობის საკითხსაც და ამ მხრივ, ახსენა პოლიფარმაცია:
"პოლიფარმაცია არის ერთდროულად 5-ზე მეტი მედიკამენტის მიცემა პაციენტისთვის. სააკაშვილის შემთხვევაში მას გორში და "ვივამედში" ყოველდღე 14-16 დასახელების მედიკამენტი მიეწოდებოდა. მეტიც, გორში 40-დღიანი მკურნალობისას მიეცა 30 მედიკამენტი. ეს მკურნალობა საექსპერტო დასკვნით შეფასდა, როგორც პოლიფარმაცია. გამოიყენებოდა 7 ისეთი მედიკამენტი, რაც აკრძალულია აშშ-ს და ევროპის ყველა ან უამრავ წევრ სახელმწიფოში".
ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" შესვლისას ჰქონდა საერთო სისუსტე, ღებინება, ადაპტაციის აშლილობა, საკვების დეფიციტი, თანდაყოლილი თალასემია და დისმეტაბოლური ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ კლინიკაში მკურნალობის 9 თვის თავზე, დღეს მესამე პრეზიდენტი მძიმე ავადმყოფია, 47 დიაგნოზით და სხვადასხვა ჩივილით, რომელთა დიდი ნაწილი საავადმყოფოში შესვლისას არ ჰქონია, მათ შორისაა, ხაჭაპურიძის ჩამონათვალის მიხედვით: დაუზუსტებელი დემენცია; ნერვული სისტემის დაავადებები; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - კახექსია; ენცეფალოპათია; ვერნიკეს ენცეფალოპათიის ქრონიკული სტადია; კვებითი უკმარისობის ფონზე განვითარებული პოლინეიროპათია; ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანება (დაუზუსტებელი); დაუზუსტებელი პოლინეიროპათია; დაუზუსტებელი ნეიროკოგნიტური აშლილობა; ზურგის ტვინის სეგმენტის ტრავმული გენეზისის დისკოგენური მიელოპათია; ზურგის ტვინის სეგმენტის სირინგომიელია; ქრონიკული ტკივილების სინდრომი ზურგის კუნთებსა და კიდურებში, გამოწვეული მიელოპათიით; მალთაშუა დისკების ცდომა; C5 და C6 დისკების თიაქარი; პოსტტრავმული სტრესული აშლილობა; წელის ხერხემლის სტენოზი; რეფლუქს-ეზოფაგიტი; გულის მწვავე უკმარისობა; ეროზიული გასტრიტი; ნაწლავის მეტაპლაზია; სიარულის არასტაბილურობა; გონების გარდამავალი კარგვა; პოლიფარმაცია; ქრონიკული გულისრევა; ანორექსია; თეთრი ნივთიერების დაზიანება (დაუზუსტებელი); დაუზუსტებელი მეტალის ტოქსიკური ეფექტი; ფსიქოაქტიური ნივთიერებით გამოწვეული აშლილობა და სხვა.
რა თქვა პენიტენციურმა სამსახურმა
"ცენტრ "ემპათიის" დასკვნა არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მსჯავრდებულის ავადმყოფობის სიმძიმეზე და იგი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადებას", - თქვა პენიტენციური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნიკა აბრამიშვილმა.
მისი თქმით, დასკვნაში მონაწილე მოწმეების ჩვენებები არ შეიძლება იყოს სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების საფუძველი: "მძიმე ავადმყოფობაზე დასკვნა არათუ კატეგორიულია, არამედ დაავადების სიმძიმეზე საერთოდ არ მსჯელობს", - თქვა მან.
უწყების წარმომადგენელმა სასამართლოს უთხრა, რომ პენიტენციურ სისტემაში მოხვედის დღიდან, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში: "არც "ემპათიის" დასკვნით და არც მოწმეების დაკითხვით მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რომ სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება მსჯავრდებულს".
პოლიფარმაციის ბრალდებას მან იმით უპასუხა, რომ თითოეული მედიკამენტი, რომელიც მიეწოდებოდა და მიეწოდება პაციენტს, აღიარებულია და დამტკიცებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პენიტენციური სამსახური, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე ლაბორატორიული კვლევის ნიმუშებს მძიმე მეტალებზე. აბრამიშვილი ამბობს, რომ დასკვნის ნიმუშების ავთენტიკურობა საეჭვოა.
"ის, რომ მსჯავრდებულს არ სურს სასჯელის მოხდა და ამას განიცდის, ბუნებრივია, რთულად წარმოსადგენია ადამიანი, რომელსაც სასჯელის მოხდა რაიმე სახის სიამოვნებას ანიჭებდეს", - ამბობს ნიკა აბრამიშვილი და განაგრძობს, რომ მიხეილ სააკაშვილის უარი "ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე - საკვების მცირე ოდენობით, შერჩევითად მიღება, შიმშილობა, არის მისი მხრიდან თვითდაზიანების მიყენების მცდელობა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოხდეს დანიშნული სასჯელისთვის თავის არიდება ნებისმიერი გზით".
აბრამიშვილმა მოსამართლეს გადაწყვეტილებამდე შეახსენა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა ციხეში დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, რაც, მისი აზრით, გასათვალისწინებელია:
"სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილია არაერთხელ - დისციპლინური სახდელი დაეკისრა 2021 წლის 22 ოქტომბერს, მე-12 დაწესებულებაში სარეჟიმო მოთხოვნის დარღვევისთვის, რაც გამოიხატა საშხაპე ოთახიდან ქუჩის მიმართულებით გადაძახილში; 2021 წლის 8 დეკემბერს, მე-18 დაწესებულებაში დაეკისრა სახდელი სამედიცინო ინვენტარის დაზიანების გამო და შეეზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია 2 თვით; 2022 წლის 2 აპრილს, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს გამოეცხადა საყვედური, რადგან შეხვედრების ოთახში ყვიროდა და კარზე ფეხი დაარტყა არაერთხელ. მსჯავრდებულს ან მის რომელიმე ადვოკატს არცერთი სახდელი არ გაუსაჩივრებია.
მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის მოტივი, დამდგარი ზიანი, დანაშაულის გამრავლებით ჩადენის რისკი სასამართლომ უარყოფითად უნდა შეაფასოს".
აბრამიშვილის თქმით, ცენტრ "ემპათიის" დასკვნა შეიძლება შეფასდეს, როგორც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების ინსტრუმენტი, არათანმიმდევრული, ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტი. სანაცვლოდ, პენიტენციურმა სამსახურმა თავიანთ 2 მტკიცებულებაზე მიუთითა მოსამართლეს:
"სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს 2 ძირითად დოკუმენტზე - კერძოდ, სამედიცინო ბარათზე, რომელიც წარმოდგენილია "ვივამედის" მიერ და ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე. ამ შემთხვევში, არც კლინიკის და არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით არ დასტურდება რომელიმე დაავადების არსებობა, რაც გათავისუფლების საფუძველია".
მოწინააღმდეგე მხარის დასკვნით სიტყვაში მონაწილეობდა უწყების ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილიც. მან ადვოკატებს მიმართა:
"საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა იმიტომ, რომ სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო, ამის სერიოზულად გჯერათ? ანუ სასამართლოში წარსადგენად ჩამოვიდა კონტეინერით?..
მე პირადად, დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არც არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება, ესაა ჩემი რწმენაც და ჩემი სურვილიც...
ნუ მანიპულირებთ თქვენი გამონათქვამებით: "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა თქვენს ხელთაა", "სიკვდილ-სიცოცხლესთან მებრძოლი პაციენტი", - არაა ეს ადამიანი მომაკვდავი, ღმერთმა დაიფაროს. ნუ კლავთ ამ ადამიანს, არ მოკვდება", - მის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რისთვისაც მოსამართლემ მათ ასე მოუწოდა: "თავი შეიკავეთ, დამშვიდდით, ცუდს არაფერს არ ამბობს".
მიხეილ სააკაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ფეისბუკპოსტით გამოეხმაურა; მის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც პატიმარი პაციენტი ექპრეზიდენტი წერს: "ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს".