საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე.
სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენად აფასებს.
"მოსმენები საქართველოს სასამართლოში სრული ფარსი აღმოჩნდა. ერთის მხრივ, ჩვენი მტკიცებულებები ეფუძნებოდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და საქართველოს წამყვანი ექიმების გულმოდგინე კვლევებს. თითქმის ყველა მათგანმა პირადად მომინახულა, ზოგმა - რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს ჩემი ნახვით თავი ერთხელაც არ შეუწუხებიათ, თუმცა სასამართლო მათ ენდო და არა საერთაშორისო გუნდს, რომელთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო. მან თქვა, რომ თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები. ახლა მე ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი მივიღე და დავრჩები ციხეში ჩემი ლეტალური დაავადებებით სასამართლოს იმ ვერდიქტის მიხედვით, რომელსაც, რუსეთის გარდა, მსოფლიოში არავინ აღიარებს. შემთხვევითი არაა, რომ ლავროვმა საქართველოს მთავრობა რამდენჯერმე შეაქო გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში და, ამავე დროს, მე დამესხა თავს. პუტინი შემპირდა, რომ „კვერცხებით“ ჩამომკიდებდა და, როგორც ჩანს, ამას თავისი შუამავლის, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მეშვეობით ასრულებს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.
სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.
მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.