Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი: ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა პარტიის ცენტრალურ ოფისში სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრა გამართეს.

განხილვის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, დააკისრა.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეასრულოს პუტინის დავალება და პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული. და ეს ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა. დღეის ამას იქით, ამ წუთიდან, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება და ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი ამას პირველი იგრძნობს", - თქვა ხაბეიშვილმა.

ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის თქმით, ენმ გადადის საგანგებო რეჟიმზე.

„მე მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოების ფრაქციების თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება, ცხადია, დედაქალაქი და ასევე დაიგეგმება მათთან ერთად რაიონებსა და რეგიონებში აქტივობები", - აღნიშნა მან.

პოლიტიკოსმა ილაპარაკა კიდევ ერთ ნაბიჯზე, რომელიც პარტიის წევრების საპარლამენტო საქმიანობას შეეხება: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას. ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას, ელჩებთან და ამ კონკრეტული კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი „რუსულ ოცნებაზე“, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის".

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვაში მონაწილეობას და "ქართულ ოცნებასთან" რაღაც თამაშებში შეყოლას.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. ჩვენს პარტნიორებს სწორედ ამიტომ შევხვდებით, რომ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ იძულებულები ვართ, რომ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტს სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის რისკის ქვეშ.

ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

XS
SM
MD
LG