Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერს“ მნიშვნელოვნად შეუმცირდა პატიმართა გადაბირების ტემპი - ბრიტანეთის დაზვერვა


ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კომპანია "ვაგნერს" შეუმცირდა გადაბირებული რუსი პატიმრების მაჩვენებელი
ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კომპანია "ვაგნერს" შეუმცირდა გადაბირებული რუსი პატიმრების მაჩვენებელი

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია (კსკ)„ვაგნერის“ პატიმართა გადაბირების პროგრამა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულის და შემოდგომის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის 3 თებერვლის განცხადებაში.

ეს დაკვირვება ეყრდნობა რუსეთის სასჯელაღსრულებითი ფედერალური სამსახურის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა თანახმად, ქვეყანაში საპატიმროებში იმყოფება 433 ათასი მსჯავრდადებული, დაახლოებით 6000-ით ნაკლები, ვიდრე იყო 2022 წლის ნოემბერში. „ამავე დროს ფედერალური სამსახურის მონაცემები ცხადყოფდა რუსეთში პატიმართა რაოდენობის 23 000-ით შემცირებას 2022 წლის სექტემბერ-ნოემბრის ჩათვლით. „ვაგნერის“ მიერ ჩატარებული გადაბირებაა, სავარაუდოდ, ის ძირითადი ფაქტორი, რაც ხელს უნდა უწყობდეს ასეთ შემცირებას“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.

კსკ „ვაგნერის“ მიერ პატიმართა გადაბირების პროგრამის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

„საჯაროდ ვითარდება მნიშვნელოვანი დაძაბულობა კსკ „ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის; რუსეთის ელიტის სხვადასხვა ფრაქციებს შორის კონკურენციაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მსჯავრდადებულთა გადაბირების შემცირების ნაწილობრივი მიზეზი", - ნათქვამია ბრიტანულ ანგარიშში.

როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, ამასვე ადასტურებს ბოლო ათი დღის განმავლობაში უკრაინელი მებრძოლების არაოფიციალური ანგარიშები, რომელთა თანახმად, რუსეთი ნაკლებად ეყრდნობა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული პატიმრებისგან დაკომპლექტებულ შემტევ პოტენციალს ფრონტის საკვანძო სექტორებში.

მანამდე დაჯგუფება "ვაგნერის“ მიერ თავის რიგებში რუსი პატიმრების გაწევრიანების ტემპის შენელებაზე ომის შესწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმაც (ISW) გაამახვილა ყურადღება.

ანალიტიკოსების აზრით, პატიმართა რეკრუტირების შემცირება შეიძლება ნაწილობრივ განპირობებული იყოს კსკ „ვაგნერის“ ჯგუფის რეპუტაციით, რომელსაც პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი აქვს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, „ვაგნერის“ შემქმნელის, ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა, რამდენიმეთვიანი აშკარა აღმასვლის შემდეგ ჩასვენება დაიწყო, რადგან ვერ შეასრულა საკუთარი ძალებით უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების პირობა.

  • რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" დიდი ხანია ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობს უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
  • უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
  • შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წარმომადგენლების მიმართ.
  • ახალი სანქციები ასევე შეეხოთ ექვს პირს და 12 კომპანიას, რომლებსაც ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დაკავშირებული არიან "ვაგნერთან" და მის დამფუძნებელ და სპონსორ ევგენი პრიგოჟინთან. სიაში, კერძოდ, შედიან "ალმაზ-ანტეის" კონცერნი, საჰაერო თავდაცვის სისტემების შემქმნელი და მწარმოებელი Sela Security Services, რომელიც, მედიის ცნობით, ცენტრალურ აფრიკაში "ვაგნერის" ინტერესების დამცველს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG