Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თეირანი: დაძაბულობა მწვავდება და აი, რატომ


აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები თურქმენეთში, 2021 წლის 28 ნოემბერი
აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები თურქმენეთში, 2021 წლის 28 ნოემბერი

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმამ და შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი სიმწვავე აშკარა გახადა და კიდევ უფრო დაძაბა ვითარება.

აზერბაიჯანს, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ, სურს „ზანგეზურის დერეფნის“ ამოქმედება - თურქეთთან არამხოლოდ ნახიჩევანის, არამედ თავისი დანარჩენი ტერიტორიის პირდაპირ დაკავშირება სომხეთის ტერიტორიის გამოყენებით.

ბაქო უფრო და უფრო ათბობს ურთიერთობებს ისრაელთანაც, ირანის „მოსისხლე მტერთან“. იკვეთება თურქეთ-აზერბაიჯანი-ისრაელის მჭიდრო თანამშრომლობის კონტურები. ეს ყველაფერი ირანს თამაშგარე, არასახარბიელო მდგომარეობაში ტოვებს.

საელჩოზე თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანში კვლავ დაიწყეს საუბარი ირანში მცხოვრებ „10 მილიონ აზერბაიჯანელზე“, რომელიც „მოლას რეჟიმის გავლენის ქვეშაა“.

შესაძლოა თუ არა, რეგიონში მორიგი კონფლიქტი განვითარდეს?

თავდასხმა საელჩოზე

27 იანვარი, 08:08 საათი, თეირანი, რასტოვანის ქუჩა, აზერბაიჯანის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია. შენობაში საელჩოს ორი თანამშრომელი შედის. სულ რაღაც 5 წამში საელჩოსთან მაღალი სიჩქარით მოძრავი, Kia Pride-ის მარკის ავტომობილი ჩერდება (გაჩერებისას ეჯახება იქვე დაყენებულ მანქანას). მანქანიდან გადმოდის შუა ხნის კაცი, რომელიც „კალაშნიკოვით“ არის შეიარაღებული, იჭრება საელჩოში და მაშინვე ისვრის იქ მყოფი თანამშრომლების მიმართულებით. დაცვის თანამშრომელი, როგორც კი დაინახავს, რომ თავდამსხმელი ზურგით დგას, მისკენ მირბის და განეიტრალებას ცდილობს.

კადრები აქ წყდება.

შეიარაღებული თავდამსხმელი საელჩოში
შეიარაღებული თავდამსხმელი საელჩოში

ირანისა და აზერბაიჯანის მხარეების დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად საელჩოს დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

თავდამსხმელი დააკავეს.

თავდაპირველად თავდასხმის მოტივზე არაფერი იყო ცნობილი. აზერბაიჯანმა თავდასხმა მალევე შეაფასა „ტერორისტულ აქტად“, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლების მომდევნო განცხადებებში თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებზე არაფერი იყო ნათქვამი.

პირიქით, - თეირანის პოლიციის უფროსმა, სარდარ ჰოსეინ რაჰიმიმ პირველადი გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ თავდასხმის მოტივი „პირადი“ იყო, - საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებული.

რას ამბობს გამოძიება?

ირანული გამოძიების თანახმად, თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე, - რომელიც აზერბაიჯანელი იყო, - 2022 წლის აპრილში შევიდა საელჩოში და მას შემდეგ აღარ უნახავს. მისი თქმით, არაერთხელ მივიდა საელჩოში, თუმცა ვერ მიიღო ვერანაირი ინფორმაცია; მან პოლიციაშიც შეიტანა განცხადება მეუღლის დაკარგვასთან დაკავშირებით, თუმცა საქმე დახურეს, რადგან პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მეუღლე აზერბაიჯანში დაბრუნებულიყო.

გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელმა თქვა: „საელჩოში არაერთი ვიზიტისა და პასუხის ვერმიღების შემდეგ, ამ დილას, გადავწყვიტე, იქ წავსულიყავი წინასწარ მომზადებული „კალაშნიკოვით“, [რადგან] ვფიქრობდი, ჩემი ცოლი კვლავ საელჩოშია და ჩემთან შეხვედრას თავს არიდებს-მეთქი“.

თეირანის პოლიციის უფროსმა, სარდარ ჰოსეინ რაჰიმიმ რამდენიმე საათში დაკავებული თანამდებობა დატოვა. მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ დაზუსტებულა, თუმცა მედიაში ამას დიპლომატიური პოლიციის თანამშრომლის უმოქმედობას უკავშირებენ - კადრებში გამოჩნდა, რომ თავდამსხელი მანქანიდან გადმოსვლისთანავე იარაღს უმიზნებს დიპლომატიური პოლიციის ჯიხურში მყოფ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მას წინააღმდეგობას არ უწევს.

საელჩოზე თავდასხმის შედეგად დაღუპული დაცვის თანამშრომლის, ორხან ასკეროვის დაკრძალვა. ბაქო. ფოტო: REUTERS/Aziz Karimov
საელჩოზე თავდასხმის შედეგად დაღუპული დაცვის თანამშრომლის, ორხან ასკეროვის დაკრძალვა. ბაქო. ფოტო: REUTERS/Aziz Karimov

აზერბაიჯანის რეაქცია

თავდასხმის „ტერორისტულ აქტად“ შეფასების შემდეგ აზერბაიჯანმა საელჩოს მუშაობა შეაჩერა. თუმცა ბაქოს დღემდე არ დაუზუსტებია, რის საფუძველზე მიიჩნევენ თავდასხმას „ტერაქტად“, ან რა პოლიტიკური მოტივი შეიძლება იდგეს მის უკან.

30 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ ევაკუირებულია საელჩოს 53 თანამშრომელი და შენობაში მხოლოდ 5 ადამიანი რჩება, რომლებსაც „ადმინისტრაციული შენობის დაცვა და საელჩოს საკუთრების დაცვა ავალიათ“.

„არ ვენდობით ირანს ჩვენი საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაში“, - განაცხადა მან.

ირანში აზერბაიჯანის ელჩი კონსულტაციებისათვის ბაქოში გამოიხმეს. ირანის ელჩი კი ბაქოში, საგარეო სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ „ტერაქტის სხვა მონაწილეები დაუყოვნებლივ უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ“.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ თავდასხმა „ბოლოდროინდელ ანტიაზერბაიჯანულ კამპანიას“ დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს „მეტყველებს იმაზე, თუ რა სერიოზულ შედეგებს იწვევს … ჩვენი მოწოდებებისადმი სათანადო მგრძნობელობის გამოუვლენლობა“.

პარალელურად, აზერბაიჯანული მედიის ნაწილმა თავდასხმა ირანის სპეცსამსახურებს დაუკავშირა. მაგალითად, აზერბაიჯანულმა საიტმა caliber.az-მა, რომელიც, „ევრაზიანეტის“ ცნობით, თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, დაწერა, რომ „ტერაქტის უკან პირდაპირ ირანული სპეციალური სამსახურები დგანან“, თუმცა ცდილობენ, რომ „პირადი მოტივის გამოგონებით შეცდომაში შეიყვანონ აზერბაიჯანის მოსახლეობა“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რატომ ჰქონდა ბაქოს ასეთი რეაქცია?

ბაქოელი ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზი „რადიო თავისუფლებას“ განუმარტავს, რით იყო განპირობებული ბაქოს რეაქცია თავდასხმასა და ირანის გამოძიების ვერსიაზე:

  • „არავის სჯერა თავდამსხმელის „მოტივის“, რომ ეს თურმე „პირად საკითხთან“ იყო დაკავშირებული და მეუღლის საელჩოში შესვლიდან 9 თვის თავზე გადაწყვიტა თავდასხმა;
  • არ არსებობს პრეცედენტი, რომ სამოქალაქო პირი თავს დასხმოდეს უცხოეთის საელჩოს და „საოჯახო კონფლიქტი“ მოემიზეზებინოს;
  • ისეთ ტოტალიტარულ ქვეყანაში, როგორიც ირანია, სამოქალაქო პირებს არ შეუძლიათ იშოვონ „კალაშნიკოვის“ ავტომატური იარაღი და შეიარაღებულებმა იარონ ქალაქში - ეს უბრალოდ შეუძლებელია“.

რა განაპირობებს ბაქოს უნდობლობას ირანისადმი? ფუად შაჰბაზის შეფასებით, 27 იანვარს და შემდეგ განვითარებული მოვლენები ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში აზერბაიჯან-ირანს შორის გაუარესებული ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელებაა.

ფუად შაჰბაზი, ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან
ფუად შაჰბაზი, ანალიტიკოსი აზერბაიჯანიდან

აზერბაიჯანი-ირანის ურთიერთობების მოკლე მიმოხილვა

ირანსა და აზერბაიჯანს დიდწილად აერთიანებთ ისტორია, გეოგრაფია, კულტურა და რელიგია. ირანი აზერბაიჯანს სამხრეთით ესაზღვრება. მათი საერთო სახმელეთო საზღვრის სიგრძე 700 კმ-ს აღემატება, თანაც ორივენი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები არიან - ზღვითაც ესაზღვრებიან ერთმანეთს.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დამყარდა, - ირანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა.

1991 წელსვე ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში არაერთ შეთანხმებას. ირანმა მხარი დაუჭირა „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ აზერბაიჯანის გაწევრებას.

ირანი აზერბაიჯანს ნოყიერ ნიადაგად მიიჩნევდა ისლამური რევოლუციის ექსპორტისთვის. თუმცა აზერბაიჯანი, რომელიც სეკულარიზმით გამოირჩევა, სკეპტიკურად უყურებდა ირანის თეოკრატიულ მთავრობას. მან თურქეთი აირჩია სტრატეგიულ პარტნიორად. აზერბაიჯანსა და თურქეთს აერთიანებთ კონცეფცია - „ერთი ერი - ორი ქვეყანა“.

თავის მხრივ, აზერბაიჯანს ირანი ნახიჩევანთან, - სომხეთის გადაღმა არსებულ ანკლავთან, - კავშირისათვის სჭირდებოდა. ამასთან, სომხეთის მიერ ყარაბაღისა და მის გარშემო 7 რაიონის ოკუპაციის პირობებში, ბაქო ირანი-აზერბაიჯანის საზღვრის დიდ მონაკვეთს ვერ აკონტროლებდა.

ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულია - ის სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებულია - ის სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს

წლების განმავლობაში თეირანი-ბაქოს ურთიერთობები ცვალებადი დინამიკით ხასიათდებოდა, თუმცა განხეთქილების გაღრმავებას ერთმანეთზე დამოკიდებულება უშლიდა ხელს.

ურთიერთინტერესის განმსაზღვრელი კიდევ ერთი საკითხი ქვეყნების დემოგრაფიაა: ირანში, სხვადასხვა წყაროს თანახმად, 6-დან 10 მლნ-მდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ხოლო აზერბაიჯანში - 0.5-დან 1 მილიონამდე ეთნიკურად თალიში (თალიშები ირანული ეთნიკური ჯგუფია) [ირანელი აზერბაიჯაინელები გამუდმებით იყვნენ პოლიტიკური სპეკულაციების ეპიცენტრში, თუმცა ალიევების მმართველობის პერიოდში პოლიტიკის უმაღლეს ეშელონებში „სამხრეთ აზერბაიჯანის“ დამოუკიდებლობის საკითხი აქამდე არ წამოჭრილა].

ყარაბაღის ომის შედეგები

ყარაბაღის მეორე, 2020 წლის შემოდგომის ომი აზერბაიჯანის მიერ 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის თითქმის სრულად აღდგენით დასრულდა.

ომში აზერბაიჯანის წარმატება განაპირობა მისი სამხედრო მომზადების მაღალმა დონემ, განსაკუთრებით თურქული „ბაირახტრებისა“ და ასევე ისრაელური იარაღის გამოყენებით. „სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის“ (SIPRI) ცნობებით, 2016 წლისთვის აზერბაიჯანს 5 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღება ჰქონდა ისრაელისგან ნაყიდი, 2016-20 წლებში კი ისრაელიდან აზერბაიჯანში იარაღის ექსპორტმა იარაღის სრული ექსპორტის 17% შეადგინა.

ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზი ამბობს, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში ბაქომ გადაწყვიტა, გაეღრმავებინა ურთიერთობა ისრაელთან და თურქეთთან.

„2020 წლის ყარაბაღის მეორე ომამდე აზერბაიჯანი ამჯობინებდა, ხმამაღლა არ ელაპარაკა ისრაელთან პარტნიორობაზე და გაეტარებინა დაბალანსებული პოლიტიკა ირანის მიმართ“, - ამბობს იგი. ისრაელი ირანის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა. ამის გათვალისწინებით, ირანთან დაბალანსების პოლიტიკის ფარგლებში, აზერბაიჯანს ისრაელში საელჩოც კი არ ჰქონია.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შედეგებით, ბაქომ აღადგინა კონტროლი ყარაბაღის ადმინისტრაციული საზღვრების გარშემო განლაგებულ 7 რაიონზე, რითაც სრულად დაამყარა კონტროლი ირანთან სახმელეთო საზღვრის მთელს გაყოლებაზე. ბაქოს გადმოსახედიდან, თურქეთ-ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობამ გაამართლა.

„შედეგად, ირანის მიმართ დაბალანსებულმა პოლიტიკამ რელევანტურობა დაკარგა, რამეთუ ირანმა დაკარგა აზერბაიჯანზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი“, - ამბობს ანალიტიკოსი.

„ზანგეზურის დერეფანი“

სამხრეთ კავკასიაში ისრაელის ინტერესების გამოჩენის გარდა, ირანს ყარაბაღის ომის შედეგებიც აშფოთებს. კერძოდ, მოსკოვში 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, ბაქომ საფუძველი ჩაუყარა „ზანგეზურის დერეფანს“. ეს დერეფანი თურქეთს, ნახიჩევანისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანს ხმელეთით დაუკავშირებს.

ერევანი სამშვიდობო ხელშეკრულების იმ ნაწილს, სადაც შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფაზეა საუბარი, საკამათოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ იქ „დერეფანზე“ საუბარი არ არის. ამის მიუხედავად, პრეზიდენტი ალიევი აცხადებს, რომ ბაქო ამ გეგმას განახორციელებს, იმის მიუხედავად, „სურს თუ არა ეს სომხეთს“.

„ზანგეზურის დერეფნის“ გაჩენის შემთხვევაში ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს ძლიერი კონკურენტი უჩნდება, რაც ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თეირანი დაკარგავს აზერბაიჯანისთვის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას და, ასევე, აღარ იქნება თურქეთისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლი.

მეორე მხრივ, თურქეთი ამყარებს პირდაპირ კავშირს კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებთან და შუა აზიაში ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და გავლენას აძლიერებს.

ეს პერსპექტივა ირანს, რომელიც სანქციების გამო უკვე იზოლირებულია, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააყენებს.

ირანი ყარაბაღის კონფლიქტში ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და ორივე მხარეს მოუწოდებდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისაკენ. მან ომის პერიოდში მხარეებს სამშვიდობო გეგმა შესთავაზა, თუმცა ირანის მედიაციას არცერთი მხარე არ შეხვედრია დადებითად. ბრიუსელის, ვაშინგტონისა თუ მოსკოვის მედიაციის ფონზე, ირანი იქაც განზე დარჩა.

თეირანმა ისრაელის მზარდ როლზე აზერბაიჯანის შეიარაღებაში 2020 წელსვე გამოხატა უკმაყოფილება და აზერბაიჯანის ელჩი დაიბარა საგარეო სამინისტროში. თეირანი შეშფოთდა „ისრაელის გამოჩენით“ აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის სიახლოვეს.

ირანს არც თურქეთთან აქვს კარგად ურთიერთობები - ორი ქვეყანა ერთმანეთს კონკურენციას უწევს ახლო აღმოსავლეთში, სადაც ე.წ „პროქსი ომებში“ სხვადასხვა აქტორებს უჭერენ მხარეს.

ბაქოს ისრაელთან დაახლოებისა და „ზანგეზურის დერეფნის“ პერსპექტივის გაჩენის ფონზე, ირანმა სომხეთის მხარდაჭერა უფრო ღიად დაიწყო, - იმ მიზნით, რომ რეგიონში გავლენა სომხეთის გამოყენებით მაინც შეენარჩუნებინა.

წვრთნები

ირანული სატვირთოები დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდნენ სტეფანაკერტს საწვავით. მას შემდეგ, რაც ბაქომ ყარაბაღის გზის ნაწილზე კონტროლი აღადგინა, ამ ხაზის შევიწროება დაიწყო, რაც სატვირთოების დაკავებით დასრულდა.

2021 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის ოფიციალურმა უწყებებმა დააკავეს ორი ირანული სატვირთო ავტომობილი, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით მიემართებოდა ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც სომხური და დე ფაქტო ძალები აკონტროლებდნენ.

ბაქომ ამით, დიპლომატიური არხების გამოყენების გარეშე, ღია შეტყობინება გაუგზავნა თეირანს, რომ მისი სუვერენიტეტის ხელყოფას არ მოითმენდა. პარალელურად, აზერბაიჯანი თურქეთთან და პაკისტანთან ერთად ატარებდა სამხედრო წვრთნებს.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამად პაკპურმა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, - ისრაელი-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავების ფონზე, - განაცხადა, რომ ირანი არ მოითმენს, რომ მისი მეზობლების ტერიტორია „სიონისტური რეჟიმის ანტი-ირანული აქტივობების ბაზა და უსაფრთხო თავშესაფარი გახდეს“. ეჭვი არ არის, რომ „სიონისტური რეჟიმი რეგიონში გარკვეულ ქვეყნებს“ ეხმარება, რათა მუსლიმებს შორის შუღლი ჩამოაგდოსო, განაცხადა მან.

ამის შემდეგ ირანმა ისტორიაში პირველად ჩაატარა სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანის საზღვართან. ამან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ცხადი უკმაყოფილება გამოიწვია. „რატომ ახლა და რატომ მაინცდამაინც ჩვენს საზღვრებზე“? აზერბაიჯანელი საზოგადოება სვამს ამ კითხვებს და არა მეო, განაცხადა მაშინ ალიევმა.

ირანის სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანის საზღვართან, 2021 წლის 01 ოქტომბერი
ირანის სამხედრო სწავლებები აზერბაიჯანის საზღვართან, 2021 წლის 01 ოქტომბერი

ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან მორიგი წვრთნები 2022 წლის შემოდგომაზეც ჩაატარა. „ირანი არ დაუშვებს სომხეთთან მისი დამაკავშირებელი გზის ბლოკირებას. ამ მიზნით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ წვრთნები დაიწყო ამ რეგიონში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 2022 წლის 19 ოქტომბერს. ნოემბერში სომხურ მედიაში გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ ირანმა შესაძლოა სომხეთს დრონები მიაწოდოს.

უმცირესობების ინსტრუმენტალიზება

ირანსა და აზერბაიჯანს შორის არსებული „ჯენტლმენური შეთანხმების“ ფარგლებში, ბაქოში ნაკლებად საუბრობდნენ ირანში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ. ტერიტორიას, სადაც ისინი ცხოვრობენ, აზერბაიჯანელი ნაციონალისტები „სამხრეთ აზერბაიჯანს“ უწოდებენ.

„სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული გამოღვიძების მოძრაობის“ თვითგამოცხადებული ლიდერი, მაჰმუდალი ჩეჰრეღანლი, რომელიც წლების განმავლობაში ვაშინგტონს აფარებდა თავს, 2006 წლიდან არ შეუშვიათ აზერბაიჯანში. 2022 წელს იგი ქვეყანაშიც შეუშვეს და სახელმწიფო ტელევიზიების ეთერებშიც მისცეს ირანიდან აზერბაიჯანელების გამოყოფის შესახებ მოწოდებების გამოხატვის საშუალება.

აზერბაიჯანის მთავრობასთან დაახლოებული ანალიტიკოსები ამას ხსნიან „ირანის მიერ აზერბაიჯანის სუვერენიტეტზე შეტევაზე პასუხით“. ბაქოში ამბობენ, რომ ირანი შიიტ აზერბაიჯანელებსა და ეთნიკურად თალიშებს შორის დაპირისპირებას აღვივებს.

ამ რიტორიკას ირეკლავს 2023 წლის პირველ თებერვალს აზერბაიჯანულ სამთავრობო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლებში დააკავა 39 რელიგიური პირი, რომლებიც „რელიგიის საფარქვეშ დივერსიასა და საბოტაჟში მონაწილეობდნენ“. ამ ცნობების თანახმადვე, დაკავებულები „ირანის სპეცსამსახურების დავალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას ირანის სასარგებლოდ“ და „აღვივებდნენ რელიგიათაშორის ზიზღს“.

საელჩოს გახსნა და ბოლო მოვლენები

„ირანის მუქარამ და მცდელობებმა, ზეწოლა მოეხდინა აზერბაიჯანზე სომხეთთან მოლაპარაკებებში, კიდევ უფრო გააღიზიანა ბაქო და უფრო მეტად აიძულა იგი, ისრაელი-თურქეთის ტანდემისკენ გადახრილიყო“, - ეუბნება ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზი „რადიო თავისუფლებას“.

მისი თქმით, „დაპირისპირების კულმინაცია იყო ბაქოს გადაწყვეტილება ისრაელში საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის შესახებ“. ბაქომ 2023 წლის 11 იანვარს დანიშნა პირველი ელჩი ისრაელში, რასაც ირანის უკმაყოფილება მოჰყვა. საელჩოს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ხუთი აზერბაიჯანელი მოქალაქე დააკავა ირანისთვის ჯაშუშობის ბრალდებით.

აზერბაიჯანის სამთავრობო მედიები ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას სწორედ ამ საკითხს უკავშირებენ, რასაც ირანში უარყოფენ.

ირანის მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარემ, მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა განაცხადა, რომ „არანაირი მტკიცებულება“ არ არსებობს, ინციდენტს „ტერორისტული აქტი“ უწოდონ და აზერბაიჯანს მოუწოდა, ნუ მიიღებენ „ემოციურ გადაწყვეტილებებს“.

მისი თქმით, სწორედ „ემოციური გადაწყვეტილებების მიღება ირანი-ბაქოს კავშირებთან დაკავშირებით“ არის ის, რაც „საერთო მტრებსა და ისლამური სამყაროს არაკეთილმოსურნეებს, განსაკუთრებით კი სიონისტურ რეჟიმს, სურთ“.

ამის მიუხედავად, საელჩოს ევაკუაციის შემდეგ, 31 იანვარს საგარეო სამინისტრომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა, ნუ იმოგზაურებენ ირანში „არასტაბილური ვითარების“ გამო.

XS
SM
MD
LG